25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ლაშა ფარულავა: მზად ვართ, “ნაციონალური მოძრაობის” სიღრმისეული ტრანსფორმაცია მოვახდინოთ – ექვს თვეში შიდა არჩევნები ჩატარდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა პარტიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებსა და რეფორმებზე საუბრობს. მისი განცხადებით, პარტია მზად არის ინსტიტუციური გაჯანსაღებისა და ფართო საზოგადოებისთვის კარის გახსნისთვის.

ფარულავას განმარტებით, მომდევნო ექვსი თვე დაეთმობა მოსამზადებელ პერიოდს, რის შემდეგაც პარტიაში შიდა  არჩევნები ჩატარდება.

„პარტია კანონის მოთხოვნებს არ დაარღვევს. საუბარია ექვსთვიან პერიოდზე, რომელიც იქნება ერთგვარი შესაძლებლობა ჩვენი საზოგადოებისთვის, ახალი ადამიანებისთვის, აქტივისტებისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პარტიულ ცხოვრებაში… კარს ვუხსნით ყველას და მზად ვართ, პარტია სიღრმისეულად გარდავქმნათ, მოვახდინოთ მისი ტრანსფორმაცია და ინსტიტუციური გაჯანსაღება. რა თქმა უნდა, ექვსი თვის შემდეგ პარტიაში ჩატარდება როგორც შიდა პრაიმერისები, ისე შიდა არჩევნები“, — განაცხადა ფარულავამ.

პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი ინიციატივების აღმასრულებლები მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნებიან. მისივე თქმით, შიდა თანამდებობებისთვის ბრძოლა ამ ეტაპზე მისთვის მიუღებელია.

„ამასთან, სამართლებრივად პარტიაში ჩამოყალიბდება მმართველობის ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს რეფორმათა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასა და იმპლემენტაციას… რაც შეეხება რეფორმატორთა საბჭოს, კონკრეტულ ადამიანებსა და ინიციატივებს – ამაზე ზედამხედველობას განახორციელებს მიხეილ სააკაშვილი და აღასრულებს ნანუკა ჟორჟოლიანი… პირადად ჩემთვის მიუღებელია პარტიის შიგნით თანამდებობისთვის ბრძოლა, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური ტერორი, ჩვენი თანამებრძოლები არიან ციხეში“, — აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2026 წლის 8 ივლისს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დროებითი მართვის ორგანოსა და რეფორმატორთა საბჭოს შექმნას სთავაზობს. გეგმის მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარე თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო აღმასრულებელი მდივნის პოზიციას ნანუკა ჟორჟოლიანი დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშისეს-მა აბაშაში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო დააჯარიმა და დახურა
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლო: ბლოგზე შეურაცხმყოფელი პოსტების გამო პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლებას არ არღვევს