ლაშა ფარულავა: ხელისუფლებამ დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება საარჩევნო უბნების გარეთ არსებულ ინციდენტებზე და უზრუნველყოს მშვიდი გარემო

„მოვუწოდებთ სამართალდამცველ სტრუქტურებს, მოახდინონ საარჩევნო უბნების გარეთ არსებულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და უზრუნველყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება,“- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო მისიის დირექტორმა ლაშა ფარულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩევლების აქტივობის ზრდასთან ერთად, დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით გახშირდა უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ინციდენტების რიცხვი. ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს. მედია აქტიურად აშუქებს უბნების გარეთ არსებულ მდგომარეობას, თუმცა დაფიქსირდა მედიის საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებიც.

„ამ ვითარებაში ხელისუფლებას ენიჭება სრული პასუხისმგებლობა ამომრჩევლების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებაზე. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამომრჩევლებისთვის თავისუფალ გარემო, რათა მათ შეძლონ ხმის მიცემა. ამასთან ერთად, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილონ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე, რომელიც აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.“- განაცხადა ფარულავამ.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ფიქსირდება ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, რასაც ადასტურებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ამომრჩევლების აქტივობის მაჩვენებლები. 15:00 საათის მდგომარეობით არჩევნებზე გამოცხადდა ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 36.45%, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი აქტივობაა.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოვებელ გარემოში ჩატარებას და ამომჩეველის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშატაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობულური ჯგუფი. დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები ასპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე ამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში მუშაობს იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად უწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთვება საჩივრის მომზადების პროცესში.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ოფისში მუშაობს ქოლ-ცენტრი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე: 599 404 185 ან დაუკავშირდნენ ორგანიზაციას Facebook გვერდის მესინჯერში და შეატყობინონ მათ მიერ დაფიქირებული დარღვევის შესახებ, მოაწოდონ ვიდეო და ფოტო მასალა.

banner
წინა სტატიაშიდავით ფაცაცია: ეს არის ნამდვილი, ევროპული და ცივილური დემოკრატია
შემდეგი სტატიაპიკაპები და ხელკეტები – მარნეულში სპეცრაზმი ისევ მობილიზებულია