„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ ქვეყანაში არსებულ საგარეო იზოლაციასა და სტრატეგიული პარტნიორის დაკარგვაზე გაამახვილა ყურადღება. პოლიტიკოსის თქმით, საგარეო პოლიტიკური ფონი საგანგაშოა, რაც პირდაპირ აისახება ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე.
ფარულავამ აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მეზობელ სომხეთში საქართველოს სამომავლო პერსპექტივის უარყოფითი ინდიკატორია.
„მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში კი არ ჩამოდის აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, არამედ ერევანში ჩადის. ეს, მათ შორის, განსაზღვრავს ჩვენს სამომავლო პერსპექტივასაც — მოხდება თუ არა ურთიერთობების გადატვირთვა, რომელიც აშშ-ს სურს. ბიძინა ივანიშვილის გამო დაიკარგა სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველო საემიგრაციო ბლოკადაში აღმოჩნდა“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“.
ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, სწორედ ამ მოცემულობის გამოა აუცილებელი 26 მაისის აქციაზე საზოგადოების მტკიცე პოზიციის ჩვენება პარტნიორებისთვის.

















