ლაშა ფარულავა: ბოლნისისა და მარნეულის ოლქებში გვაქვს ამომრჩეველთა მიმართ იძულებისა და ზეწოლის ფაქტები

„ბოლნისისა და მარნეულის ოლქებში გვაქვს ამომრჩეველთა მიმართ იძულებისა და ზეწოლის ფაქტები,“- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო მისიის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ახორციელებენ აგიტაციას.
,,ჩვენ გვაქვს ვიდეო მტკიცებულება, სადაც არიან კონკრეტული პირები, რომლებსაც ხელთ აქვთ ე.წ სიები და ახდენენ უბანზე მისული ამომრჩევლის დაპლიუსებას, რის შემდეგაც აგზავნიან მათ ხმის მისაცემად.“- განაცხადა ფარულავამ.
მისივე თქმით, სოფელ კაზრეთში, მესამე საარჩევნო უბანზე, ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი არღვევს ხმის მიცემის ფარულობას, რადგან კაბინიდან გამოსული ამომრჩევლები გახსნილ ბიულეტინებს კონვერტში ჩადებამდე მას აჩვენებენ.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კონკრეტულად ეს პიროვნებები არიან კომპანია „არემჯი გოლდის“ თანამშრომლები. მიგვაჩნია, რომ ეს არის იძულება და დაშინება ამომრჩევლებზე. ასევე, საარჩევნო უბნებთან მობილიზებულები არიან პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც არ იცავენ 25-მეტრიან დისტანციას და ახორციელებენ აგიტაციას.“- აღნიშნა ფარულავამ.

აღნიშნულ ფაქტებზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საარჩევნო ადმინისტრაციისგან დროულ რეაგირებას ელოდება.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოებელ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე შეამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში იმუშავებს იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად გაუწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაერთვება საჩივრის მომზადების პროცესში.

banner
წინა სტატიაშიმილიონი ხმა “ოცნებას”, 350 000 “ენმ”-ს, 70-80 ათასი “ევროპულ საქართველოს” – კობახიძის პროგნოზი
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : ქვეყანაში 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 900-მდე საერთაშორისო დამკვირვებელია