21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ლაშა ფარულავა: აფხაზეთის მთავრობა დევნილების ნაცვლად ივანიშვილის “ოცნებას” ეხმარება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აღნიშნული უწყება დევნილი მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურება.

„დღეს ვართ აფხაზეთის მთავრობასთან და, სამწუხაროდ, ეს მთავრობა არა დევნილებს, არამედ ივანიშვილის „ქურდულ ოცნებას“ ეხმარება, რომ ქართველი ხალხის გაყვლეფის ხარჯზე დააგროვოს მილიონები და დაიწყოს ოქროს ზოდები“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ.

„ენმ-ის“ წარმომადგენელმა ისაუბრა აფხაზეთში არსებულ ისტორიულ რეალიებზეც და აღნიშნა, რომ რუსულმა იმპერიალისტურმა პოლიტიკამ აფხაზები საკუთარი მიწიდან გამოაძევა.

„ჩემი ამოცანა ანთროპოლოგიური ძიება არ არის, ჩემი ამოცანაა, თქვენ გაგცეთ პასუხი და გითხრათ, რომ წაიკითხოთ პავლე ინგოროყვა, წაიკითხოთ, როგორ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში აფსუები. აფხაზები, სამწუხაროდ, საკუთარი მიწიდან გამოაძევა რუსულმა იმპერიალისტურმა პოლიტიკამ და საკუთარ ქვეყანაში აქცია დევნილად“, — აღნიშნა ფარულავამ.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ნდობის აღდგენა ამ განცხადებების ფონზე, ლაშა ფარულავამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული ინსტიტუტების გამართვისა და ოკუპაციის დასრულების აუცილებლობას.

„როდესაც ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატია, კანონის უზენაესობა, რუსული სამხედრო დანაყოფები დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ნამდვილად გათავისუფლდება. შეუძლებელია, ორას ორმოცდაათი ათასი ადამიანი, ქართველი აფხაზი არის დევნილი საკუთარი მიწიდან და ყველა უნდა დაბრუნდეს იქ“, — განაცხადა მან.

პოლიტიკოსის თქმით, მოქმედი ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორად ირჩევს ქვეყნებს, რომლებიც დევნილთა დაბრუნებაზე უარს ამბობენ, როდესაც საჭიროა დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

„ჩვენი ამოცანაა, ეს მძიმე პარადიგმა, უმძიმესი სურათი, რომელიც 14 წელია ქვეყანაში, შევცვალოთ, მეგობრებად, მოკავშირეებად ავირჩიოთ, მათ შორის, დასავლეთში ისეთი ქვეყნები, რომლებიც არა მხოლოდ უჭერენ მხარს ჩვენი დევნილი მოსახლეობის დაბრუნებას საკუთარ მიწაზე, არამედ დაგვეხმარებიან, რომ დავამყაროთ კეთილმეზობლური კი არა, ერთიან საქართველოში ნამდვილი, სწორი, ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები აფხაზ ძმებთან“, — დასძინა ლაშა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი: დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ე.წ. “ქოლ-ცენტრებთან” მფარველობა არ არსებობდა
შემდეგი სტატია“ღარიბაშვილს ისტერიულად ეშინია მოწამვლის”- მიხეილ სააკაშვილი