ლაშა კილაძე: ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ ოფიციალურად, ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და არასტანდარტული სიახლე

ექსპერტი ლაშა კილაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ სტატუსს ეხმაურება და ამბობს, რომ მართლაც უნდა გაქრეს ყველა კითხვის ნიშანი პოლიციის საქმიანობის, კანონთან შესაბამისობის კუთხით.
„ზოგადად, კომპეტენტური და მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პოლიცია გახლავთ, ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. სამართალდამცავი სისტემა უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში ავტორიტეტით და იმავდროულად მისი საქმიანობა უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე. ეს გახლავთ ერთ-ერთი ქვაკუთხედი საერთოდ სამართლებრივი სახელმწიფოსი და თანამედროვე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული მმართველობითი სისტემის.
ამდენად ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ ოფიციალურად, ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და არასტანდარტული სიახლე. იმდენად, რამდენადაც მართლაც უნდა გაქრეს ყველა კითხვის ნიშანი პოლიციის საქმიანობის, კანონთან შესაბამისობის კუთხით. მართლაც უნდა იყოს ღიად დეკლარირებული, რომ მოქალაქის თავისუფლებები მისი პიროვნების უფლებები, გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულება და ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ეს კამპანია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი. იმედია, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება. ამას მოყვება ძალიან ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით და საბოლოო ჯამში პოლიციის და საერთოდ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა, იქნება შესაბამისად დაფასებული მოსახლეობის მხრიდან. მოსახლეობას ექნება სრული გარანტია იმისა, რომ პოლიცია არა მარტო მისი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას, არამედ პარალელურად თითოეული მოქალაქის პირად უფლებებსა და თავისუფლებებს სცემს პატივს“- აცხადებს კილაძე.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივების თქმით, რუსთავში 22 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე მისი თანატოლი გოგო დააკავეს
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი – საქართველოსა და ევროკავშირს ბრწყინვალე ურთიერთობები აქვთ – მინდა, მივესალმო თქვენს წარმატებებს