ლაშა ხუციშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებზე – არის პუნქტები, რომელიც საჭიროებს ოპონენტების მონაწილეობასაც – მნიშვნელოვანია, ყველამ შეიტანოს წვლილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის ოპოზიციამ.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, არის პუნქტები, რომელიც ოპონენტების მონაწილეობას საჭიროებს.

„წარმოდგენილია შესაბამისი გეგმა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში რა ფორმით უნდა შესრულდეს. მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველა ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა. არის პუნქტები, რომელიც საჭიროებს ოპონენტების მონაწილეობასაც, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველამ შეიტანოს თავისი წვლილი ამ პუნქტების შესრულებაში“,- აღნიშნავს ხუციშვილი.

ამასთან, მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი პროტესტი არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს.

„მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პროტესტი არ უნდა გაცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს, ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ დაირღვეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა“,- აღნიშნავს ხუციშვილი.

კითხვაზე, თუ რატომ ჩაინიშნა მთავრობის სხდომა 14:00 საათზე და არა დილით, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ხუციშვილი განმარტავს, რომ მთავრობის სხდომა ჯერ კიდევ გასულ კვირას 14:00 საათზე იყო ჩანიშნული.

„ ჩემ კალენდარში მთავრობის სხდომა ჯერ კიდევ გასულ კვირას 14:00 საათზე იყო ჩანიშნული. არ ვიცით, ვინ ჩანიშნა 11:00 საათზე, ან თქვენ, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია“,- განმარტავს ხუციშვილი.

გარდა ამისა, მან გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დიპლომატიურ საქმიანობას გააგრძელებს, ან სხვა სამინისტროში გადაინაცვლებს. როგორც მინისტრი განმარტავს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს: „მსგავსი ტიპის განხილვები არ მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“,- აღნიშნავს ხუციშვილი.

წინა სტატიაშიშეუძლებელია საქართველოს ციხეთა სისტემაში და პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილის განკურნება – ჯიშკარიანი
შემდეგი სტატიადიდ დიღომში, დავარის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს