ლაშა გოგიასა და გია გულორდავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი კანონის დაცვითაა მოპოვებული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერის ლაშა გოგიასა და ვიცე-მერის გია გულორდავას ბრალდების სისხლის სამართლის პროკურორის, ბექა ეჟიშვილის განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი კანონის დაცვითაა მოპოვებული.

ეჟიშვილის განცხადებით, ექვსტომიან საქმეში ბრალდებულთა მიმართ უამრავი მტკიცებულება მოიპოვება, მათ შორის, საბანკო ამონაწერები, ქვითრები და მოწმეთა ჩვენებები.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, ასევე, ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადაისინჯა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, ასევე გაიზიარა ის საფრთხები, რომელსაც თავის დროზე ვუთითებდით.

ყველა პირს აქვს უფლება, თუკი, მის მიმართ დანაშაულებრივი ქმედება ხორციელდება, დამატებითი მტკიცებულების მოპოვება მოახდინოს. კანონის ნორმების დაცვით, ბრალდების მხარის მიერ გამოთხოვილი იქნა ზურაბ კვირკვიას ტელეფონიდან ჩანაწერები, მათ შორის, აუდიოჩანაწერი. ამასთან დაკავშირებით დაინიშნა ექსპერტიზა, შესაბამისად, ექსპერტიზის მიერაა დადასტურებული, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილად კვირკვიას მიერაა განხორციელებული.

საუბარია არა პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერზე, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული თანამდებობის მქონე პირები ზურაბ კვირკვიას სთხოვდნენ და გამოართვეს ქრთამი. კვირკვიას ჩვენებით, მან ეს ჩაწერა საკუთარი თავის დაცვის მიზნით განახორციელა. ყველა პირს აქვს უფლება, თუკი, ვინმე ქრთამს სძალავს და ართმევს, ჩაწერა მოახდინოს და სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინოს, რაც ამ შემთხვევაშიც მოხდა“, – აცხადებს ეჟიშვილი.

შემდეგი სასამართლო სხდომა 14 თებერვალს, 11:30 საათზე დაინიშნა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, ვიცე-მერი გია გულორდავა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი, თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო ხდომაზე ადვოკატები მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1-ელ ნოემბერს დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

banner
წინა სტატიაში“რაც მისი წილი პასუხისმგებლობაა მე მას ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, პირადად ვეუბნები” – ბესელია ივანიშვილზე
შემდეგი სტატია“ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროექტს აგრძელებს