“საქართველოს ეკლესიის ისტორია კათოლიკოს-პატრიარქების მხრივაც მრავალფეროვანია: 24 წლის ასაკში არჩეულ-აღსაყდრებული პატრიარქიც გვყავდა და 80 წლის ასაკში არჩეულ-აღსაყდრებული პატრიარქიც; ამგვარიც იყო, როდესაც მიტროპოლიტმა 90 წლის ასაკში მოისურვა პატრიარქობა და თავისი ახალგაზრდული შემართების დასამტკიცებლად წყლის გუბეზე გადახტომა სცადა (ჩავარდა შუა გუბეში); ისეთიც იყო, პატრიარქს რომ თბილისის მთავარეპისკოპოსობა ჩამოართვეს და კათოლიკოს-პატრიარქი თბილისის სიონში ვერ წირავდა; ორი კათოლიკოს-პატრიარქი საერთოდ ბერად არ იყვნენ აღკვეცილნი; მეცნიერებიც იყვნენ და მხოლოდ საშუალო განათლებამიღებულნი…
უბრალოდ და ერთმნიშვნელოვნად: ეს ყველაფერი იყო და უკვე ისტორიის საკუთრებაა. ეკლესია არადოგმატური თვალსაზრისით მრავალი მიმართულებით ვითარდება. ის არაერთგვაროვნება, რაც იყო, არ ნიშნავს, რომ დღესაც მისაღებია… ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა უნდა მოხდეს მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების თანახმად, ხოლო სამომავლოდ საქართველოს ეკლესია კრებსით დონეზე, მკაფიოდ გაწერილი წესებით (ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე), უნდა შეჯერდეს საპატრიარქო კანდიდატობისათვის მოთხოვნებსა და პირობებზე და ეს უნდა იყოს ყველა დროში და ნებისმიერისთვის საერთო, შეუცვლელი და განუხრელი,- წერს ისტორიის დოქტორი ,თეოლოგი ,პროფესორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.
















