ლაშა დარსალია – ჟენევის მოლაპარაკებებზე ჩვენი მთავრი მოთხოვნა არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დაკავებები შეწყდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 47-ე რაუნდი საკმაოდ რთული იქნება.

ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრას წინ უძღვოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მუქარები, ასევე დემონსტრაციული ნაბიჯები, როგორ იყო მაგალითად, ე.წ. აფხაზეთის დელეგაციის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. მისი თქმით, ეს იქონიებს არსებულ ფონზე გავლენას.

დარსალია აცხადებს, რომ საქართველოს დელეგაცია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, მათ შორის, საუბარი შეეხება ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამუშავების საკითხს.

მისივე თქმით, ჰუმანიტარულ ჯგუფში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის, უკანონო დაკავებებზე და შედეგად, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფაზე.

„ეს ფაქტი პირველ რიგში ხაზს უსვამს უკანონო დაკავებების შედეგს. ჩვენი მთავრი მოთხოვნა არის, რომ შეწყდეს უკანონო დაკავებები. ირაკლი კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის შემთხვევები – უპირველესად, ყველა არის უკანონო დაკავებისა და ოკუპაციის შედეგი. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა არის, ეს პრაქტიკა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს, კონკრეტული მოთხოვნა არის, როგორც ეს ქეისი, ისე ყველა შემთხვევა ბოლომდე იყოს მიყვანილი და ქართულ მხარეს მიეცეს სრულყოფილი გამოძიების შესაძლებლობა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის სრულყოფილად მუშაობა, რომელიც დღეს მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ახალი მოწმე ადასტურებს, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, გ.ბ-მ მიაყენა
შემდეგი სტატიაოპონენტების პოლიტიკური დევნის გახმაურებული საქმეები ომბუდსმენის ანგარიშში – ოპოზიცია სახალხო დამცველის მწვავე დოკუმენტს ეხმაურება