ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც 6-პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებით რუსეთის მხრიდან არანაირი სურვილი და მოტივაცია არ ჩანს, რომ წინ წავიწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პირველი დღის შეჯამებისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობა არის, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ფორმატისთვის შეუსაბამო თემები შემოვიდეს.
„საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესი იყო, ჩვენ გვაქვს რეალობა, როდესაც 6- პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებით რუსეთის მხრიდან არანაირი სურვილი და მოტივაცია არ ჩანს, რომ წავიწიოთ წინ. უფრო მეტიც, ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობაც კი არის, რომ საერთოდ, ეს საკითხები გადავიდეს მეორე პლანზე და სხვა საკითხებზე იყოს მსჯელობა და არაჟენევის თემები იყოს შემოტანილი ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში, რასაც ქართული მხარე ეწინააღმდეგება,“- განაცხადა ლაშა დარსალიამ.