ლაშა დარსალია – საქართველოს დელეგაციამ პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა საკითხის დაყენება მოახერხა ჟენევის მოლაპარაკებებზე

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების 46-ე რაუნდ​ზე საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

როგორც მოლაპარაკებებიდან დაბრუნების შემდეგ, ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, ყურადღება ასევე გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება.

„საქართველოს დელეგაციამ მოახერხა პრინციპულად მნიშვნელოვანი ყველა საკითხის დაყენება, როგორიც არის ადგილზე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში და ზოგადად ის ვითარება, რაც არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებით. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ლტოლვილთა დაბრუნების საკითხს და ადგილზე უსაფრთხოების მექანიზმების ამუშავების საკითხს. ეს იყო ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც იყო მსჯელობა 46-ე რაუნდის განმავლობაში და იმედი მაქვს, აღნიშნულ საკითხებზე გარკვეული პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი : მაქსიმალურად ვიმუშავებთ, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი ასეთი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი
შემდეგი სტატიაბექა ძამაშვილი : სტრასბურგის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქართველოს 2008 წელს არ უწარმოებია ისეთი სამხედრო მოქმედებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევას გამოიწვევდა