ლაშა დარსალია – საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, სადემარკაციო კომისიას უნდა ეხელმძღვანელა 1938 წლის 200-ათასიანი მასშტაბის რუკით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ გასული წლის ზაფხულიდან, როდესაც დემილიტაცია-დემარკაციის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, დაიწყო იმ დოკუმენტაციის ანალიზი, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებობდა.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, 2019 წლამდე კომისიის უჭირდა დოკუმენტაციის მოპოვება, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალა მოიპოვა, დოკუმენტაცია შეისწავლეს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, რომლებმაც მოამზადეს დასკვნა.

მისივე თქმით, ამ დასკვნის მიხედვით, სადემარკაციო კომისიას უნდა ეხელმძღვანელა 1938 წლის რუკით, რომელიც 200-ათასიანი მასშტაბის არის და აღნიშნული რუკის საფუძველზე საქართველო საკუთარ პოზიციებს გაიმყარებდა.

დარსალიამ იმ დოკუმენტების მოძიების პროცესზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„ერთ-ერთი სირთულე, რაც წლების განმავლობაში კომისია ჰქონდა, იყო ის, რომ ბევრი მასალა არ იყო ხელმისაწვდომი, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი არგუმენტაცია დაფუძნებოდა. ერთ-ერთი მიმართულება იყო სწორედ ამ მასალების მოძიებაზე მუშაობა და სხვადასხვა დოკუმენტაციების შეგროვება, იქნებოდა ეს რუკები, თუ სხვადასხვა პროტოკოლი, ოქმები და ა.შ. რამდენიმე თვის უკან გარკვეული მასალა დაგროვდა, მათ შორის იყო 200-ათასიანი რუკებიც, რომლებზეც ეს დღეებია, მიდის მსჯელობა. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მასალის ანალიზი, თუ რამდენად გამოსადეგი იქნებოდა ისინი საქართველოს პოზიციის გასამყარებლად მომავალში მოლაპარაკებათა პროცესში“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, მასალების შესწავლა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობდა.

„იყო მუშაობა სხვადასხვა საერთაშორისო ფირმებთან, მსოფლიოში ცნობილი ფირმა „შერმანისთ სტერლინგი“ გვეხმარებოდა ამ მიმართულებით და მასალების გარკვეული შეფასება მათაც ვთხოვეთ. დახლოებით 22 სექტემბერს მივიღეთ შუალედური დასკვნა, რამდენად გამოსადეგი იყო ეს დოკუმენტაცია საქართველოს პოზიციებისთვის და ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის შემდეგაც მივიღეთ გადაწყვეტილება. 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იყო ჩამოსული. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მასალები გადაგვეცა აზერბაიჯანული მხარისთვის. საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა მოლაპარაკების პროცესმა და შევთანხმდით, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ კომისიას გადაეცემოდა ეს მასალები, დაიწყებდნენ შესწავლას და შემდგომ სხდომებზე, როცა ეს შეხვედრები ჩატარდებოდა, მოხდებოდა ამ მასალების განხილვა და გამოყენება კომისიის მუშაობისთვის“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მათ პირველ რიგში სთხოვეს იმ რუკა-მასალებისა და დოკუმენტების შეფასება, რაზეც ექსპერტებს ჰქონდათ შესაბამისი რეკომენდაიცები.

„ამ შეფასებებში მკაფიოდ წერია, რომ ერთი 200-ათასიანი მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის მონასტრის სადავო ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის კუთხით“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

banner
წინა სტატიაშიმეგის ქარდავა: მე აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ვიყავი, ვარ და ვიქნები
შემდეგი სტატიალაშა დარსალია – ექსპერტების დასკვნით, საზღვრის დადგენის პროცესში წინა წლებში ხელისუფლების წარმომადგენლების გარკვეული გამონათქვამები შეიძლება, საზიანოდ იყოს გამოყენებული