ლაშა დარსალია – რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები იყენებენ სხვადასხვა პროცესს, რათა გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე

რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები სხვადასხვა პროცესს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის პროცესს იყენებენ, რათა გაზარდონ ზეწოლა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთის პარლამენტისთვის მიმართვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესები ცალსახად მიმართულია ვითარების შემდგომი დაძაბვისკენ.

„მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი და ხაზი უნდა გაესვას, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტზე, რეალურად თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა იქ არსებულ ვითარებაზე, ეს არის რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა ვითარების შემდგომი ესკალაციასა და დაძაბულობაზე.

გუშინ იყო ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა და შემდგომი შეხვედრა არის ჩანიშნული მომავალ კვირას. ამაზე ალბათ შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ყველა ეს პროცესი, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი იქნება თუ სხვა, ცალსახად ემსახურება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას“, – განაცხადა დარსალიამ.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ხელისუფლებამ დახმარების თხოვნით რუსეთის პარლამენტს მიმართა.

banner
წინა სტატიაში,,მჯერა, რომ იმ ღამეს ბატონ გახარიას ბრძანება არ გაუცია, მაინცდამაინც რეზინის ტყვიები ესროლეთ ხალხს თავში, მით უმეტეს თვალი ამოთხარეთო”
შემდეგი სტატიალომია გახარიას: ყველას უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რატომ უნდა ვიჩაგრებოდეთ ჩვენ?