ლაშა დარსალია – რუსეთი ცდილობს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებები პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფასებს.

ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთი საკითხით სპეკულირებს და აქცენტს აკეთებს სტანდარტულ ჩანაწერებზე, მაშინ როდესაც ეუთო-ს თანათავმჯდომარეების კომუნიკეში რუსეთის მიერ მოლაპარაკების ჩაშლაა ხაზგასმული.

​„ეს სპეკულაციაა რუსული დელეგაციის მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული ჩანაწერი, რომლითაც ხაზგასმულია ხოლმე, რომ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. რუსეთი ყოველთვის ცდილობს სპეკულაციას სხვადასხვა კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებების წინ წამოწევით. რეალურად, კომუნიკეში ხაზგასმულია რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები და ყველა მოლაპარაკებების ჩაშლა, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის დევნილთა დაბრუნება და ადგილზე ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესება. სწორედ ამ თემების წამოჭრისთანავე რუსული დელეგაცია შლის მოლაპარაკების პროცესს, რაც არის აღნიშნული საერთაშორისო პარტნიორების დოკუმენტებში.

ახალი ფაქტი არ არის ის, რომ რუსეთი ცდილობს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებები პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს“, – აცხადებს ლაშა დარსალია.

banner
წინა სტატიაში„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წევრებს წინასწარ, უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში, ხმის ჩამწერი სტუდიის – შპს “ინ და ჰაუსის” სახელით შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერა