ლაშა დარსალია: მუქარა ნარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება

“ყურადღება მივაქციეთ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის კომენტარებს საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებთან „Agile Spirit 2021“ დაკავშირებით და გვინდა აღვნიშნოთ შემდეგი.

საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული უფლება თავის ტერიტორიაზე ჩაატაროს სამხედრო წვრთნები, მათ შორის მრავალეროვნული ხასიათის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით, რაც ხორციელდება კიდეც.

საქართველოს ტეროტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები ემსახურება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწას და გაძლიერებას, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.

საქართველოს, ისევე როგორც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას ძირს უთხრის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, პირველ ყოვლისა საქართველოს რეგიონების, აფაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, მათი მილიტარიზაცია და პერმანენტული სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მუქარა ნარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და სწორედ ეს შეუწყობდა ხელს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას”-აცხადებს ლაშა დარსალია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ანალიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადება
შემდეგი სტატიაჩვენ გაკვირვებული და იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მოულოდნელი გადაწყვეტილებით