ხოველთა უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა. ჩხარტიშვილი კალაძის საჯარო განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.
საქმე 3 ნოემბერს კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება. დედაქალაქის მერი მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“.
ჩხარტიშვილის განცხადებით, აღნიშნულ განცხადებაში მუქარისა და ძალადობისკენ წაქეზების ნიშნები იკვეთება. ის პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას რამდენიმე შესაძლო დანაშაულის მუხლით ითხოვს, მათ შორის:
სიცოცხლის მოსპობის მუქარა;
ძალადობისკენ წაქეზება;
ცხოველების წამების საქმეზე დაწყებული გამოძიებისთვის ხელის შეშლა;
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ლაშა ჩხარტიშვილის შეფასებით, კალაძის განცხადება მხოლოდ ცხოველთა უფლებადამცველების მიმართ კრიტიკა არ არის და მას რეალურ მუქარად მიიჩნევს. მისი თქმით, აქტივისტების მიმართ წარსულში განხორციელებული ძალადობის შემთხვევებიც აძლიერებს მის შეშფოთებას.
„იმედი არ გვაქვს, რომ მას დააკავებენ, თუმცა ნორმალურ ქვეყანაში კახა კალაძე უკვე იქნებოდა წინასწარ პატიმრობაში“, — განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, კვირას დაგეგმილი პროტესტი მნიშვნელოვანია როგორც ცხოველების, ისე ადამიანების დასაცავად და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
თავის მხრივ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, რომლებმაც, მისი თქმით, „სამარხები გათხარეს“.
















