ლაშა ჩხარტიშვილი: „თვითიზოლაცია ჩანაცვლდეს კარანტინით, დაიკეტოს ყველა ბარი და რესტორანი“

როგორ ავიცილოთ თავიდან კორონავირუსისის ეპიდემია?!

კორონავირუსმა საქართველოშიც შემოაღწია და ხალხი სერიოზულად არის შეშინებული. ექიმები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. მავანი ეპიდემიასაც კი არ გამორიცხავს. ეპიდემიის საფრთხეს ხედავს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილიც. „თაიმერთან“ საუბარში იგი იმ გეგმის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს, რომლითაც შესაძლოა ეპიდემიის თავიდან აცილება.
ეკოლოგი და ბიოლოგიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი წარსულში მუშაობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ზოოანთროპონოზების ანუ ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადებათა განყოფილებაში.
ლაშა ჩხარტიშვილი:
-ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლების მხრიდან გაცილებით მეტი ოპერატიულობა და მეტი საბიუჯეტო სახსრების გაღებაა აუცილებელი! გასულ პერიოდში ვნახეთ, რომ გარდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მთლიანობაში მთავრობა, მიუხედავად ჩვენი მოწოდებისა, გაუმართლებელი მერყეობით გამოირჩეოდა და ჩამორჩებოდა მოვლენებს, რამაც ვითარების დამძიმება გამოიწვია.
მოვითხოვთ, მთავრობამ ამ ეტაპზე მაინც გამოიჩინოს სათანადო პასუხისმგებლობა და ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, დაუყონებლივ მიიღოს აუცილებელი ზომები, რომელიც აუცილებელია რათა წარმოებდეს კონტროლი კორონავირუსის გავრცელებაზე, საწყის ეტაპზე 2 კვირით მაინც.
-რა ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეპიდემია თავიდან იქნას აცილებული?
ეს ზომებია:
-აიკრძალოს ტურისტული მიმოსვლა და ტურების გაყიდვა ნებისმიერი მიმართულებით;
-აიკრძალოს ფრენები გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის მიმართულებით;
-გადაიდოს ყველა საერთაშორისო ვიზიტი;
-გამოცხადდეს არდადეგები საბავშვო ბაღებსა და იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ეს ჯერ არ განხორციელებულა;
-დაიკეტოს ყველა რესტორანი, ბარი, კინოთეატრი, თეატრი, მუზეუმი და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილები;
-თვითიზოლაციის მექანიზმი სრულად ჩანაცვლებულ იქნას კარანტინში მოთავსებით;
-განხორციელდეს ქალაქების ცენტრალური, ტურისტულად აქტიური ქუჩების რეგულარული დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.
-პროდუქციით ვაჭრობასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდეს ზღვრული ფასები;

-რისკ ჯგუფის წარმომადგენელ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, სახელმწიფოს დაფინანსებით გადაეცეს იმუნიტეტის გამაძლიერებელი, ანტისეპტიკური და დამცავი საშუალებები;
-ქვეყნის მასშტაბით ყველა ექიმი და მედპერსონალი უზრუნველყოფილ იქნას სათანადო დამცავი საშუალებებითა და საინფორმაციო მასალებით;
-საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა გაჩერება, ასევე ყველა ადმინისტრაციული დაწესებულება, აღიჭურვოს სადეზინფექციო საშუალებებით, ხოლო კერძო კომპანიებს დაუწესდეს ვალდებულება ანალოგიური საშუალებებით აღჭურვონ საკუთარი სამუშაო სივრცეები.
-მოქალაქეთათვის უზრუნველყოფილ იქნას ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე უსასყიდლოდ დაკავშირება ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორის მეშვეობით.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიჩვენ განგაშის ზარებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვრეკავთ
შემდეგი სტატიასაპატრიარქო სადეზინფექციო სამუშაოებისთვის საჭირო ხსნარს ხვალიდან მიიღებს