ლარისა სარგანი: უკრაინის გენპროკურატურამ საქართველოდან მიიღო მოთხოვნა სააკაშვილის გადაცემის თაობაზე

უკრაინის გენპროკურორის სპიკერმა ლარისა სარგანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ცოტა ხნის წინ შემდეგი კომენტარი გააკეთა რადიო “თავისუფლების” მიერ 6 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელშიც მოყვანილი იყო რედაქციის მოთხოვნის საფუძველზე გენპროკურატურიდან მიღებული პასუხი : “2017 წელს გენპროკურატურას არ მიუღია საქართველოდან მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადაცემის თაობაზე”.
სარგანი ადასტურებს ამ ფაქტს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა არ მიუთითეს, რომ პროკურატურიდან მიღებული პასუხი თარიღდება ამა წლის 29 აგვისტოთი.
გენპროკურორის სპიკერი შემდეგ აღნიშნავს, რომ მხოლოდ 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ს. პეტუხოვმა განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა უკრაინას სააკაშვილის ძებნის, დაპატიმრების და ექტრადიციის თაობაზე. პეტუხოვმა ამავე დროს აღნიშნა, რომ საქართველოს მხარის მოთხოვნა გაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მოთხოვნით მიმართა გენპროკურატურას საექსტრადიციო შემოწმების ჩატარების მიზნით.
ლარისა სარგანი აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის საფუძველზე უკრაინას გაეგზავნა მოთხოვნა სააკაშვილის გადაცემის თაობაზე, განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, უკრაინის სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის 574-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნა უნდა განიხილოს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ.
“პატივცემულ მასმედიას ვთხოვ გაითვალისწინოს ჟურნალისტური სტანდარტები და მოერიდოს არსებული ინფორმაციით მანიპულირებას”, – წერს ლარისა სარგანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 

banner
წინა სტატიაში(video) მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას გეგმავს
შემდეგი სტატიატრამპი: სულ ეს არის რასაც ჩვენ ვაკეთებთ… ვკლავთ