ლანდსბერგისი: დღეს რუსეთის მუქარა უკრაინისკენაა მიმართული, მიზანი საქართველოსაც მოიცავს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ამისთვის ბევრი “საშინაო დავალების” შესრულება, რეფორმების გატარებაა საჭირო.

“საქართველოს მთავრობამ ძალიან ამბიციური მიზანი დაისახა – 2024 წლისთვის მზად იყოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის. ამისთვის ბევრი “საშინაო დავალების” შესრულებაა საჭირო და ჩვენ მხარს ვუჭერთ კომპლექსური რეფორმების გაგრძელებას. ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალის კონცენტრაცია, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების პარტიებზე მაღლა დაყენება.” – თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში უსაფრთხოებას ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის აგრესია ქმნის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოხატა. ლანდსბერგისის თქმით, ლიტვა გააგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის საკითხის აქტიურად წამოწევას.

“ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს NATO-სთან პარტნიორობას და NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში მის ჩართულობას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას იყოს NATO-ს წევრი.” – თქვა ლანდსბერგისმა.

მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე და აღნიშნეს პარტნიორების ერთიანი პოზიცია, რომ არ გადაიხედება ალიანსის გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და ქვეყნების სუვერენული არჩევანი შეუერთდნენ უსაფრთხოების ალიანსს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიტვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან და სეიმის სპიკერთან ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენთან.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებაზე – ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავო – ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს
შემდეგი სტატიაჩვენი დასავლელი მოკავშირეების საპასუხო რეაქციიის მთავარი მიზანი არის სიტუაციის დეესკალაციის მიღწევა და კომპრომისის პოვნა – ზალკალიანი