26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ლანა ღოღობერიძე: მართლა დაუჯერებელია, რომ აქამდე მივედით

არა, მართლა დაუჯერებელია, რომ აქამდე მივედით! რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯოს ხალხის უდიდესი ნდობით აღჭურვილ 72 წლის ექიმს, პედიატრს, რომელსაც ათასობით ბავშვი ჰყავს უსასყიდლოდ გასინჯული და რომელიც 4 ოქტომბერს მხოლოდ თავის პროფესიულ ვალს ასრულებდა, ანუ დაშავებულ ადამიანებს ეხმარებოდა,-წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

,,ასევე წარმოუდგენელია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ციხეში ისხდნენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეები, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების პოზიციას, სხვაგვარად ფიქრობენ და არ ჩუმდებიან, პროტესტს უცხადებენ უსამართლობას და იბრძვიან ცვლილებებისთვის! ანუ აკეთებენ იმას, რაც დემოკრატიული, თანამედროვე ქვეყნის ყველა მოქალაქის წმინდა ვალია!

დღეს ამ შეუვალობის ყველაზე მკვეთრი და სიმბოლური გამოხატულებაა ელენე ხოშტარია, ასეთი შეუდრეკელი და ასეთი მართალი! და ასეთი თავმდაბალი! და ახლა მინდა მივმართო იმათ, ვისაც პროტესტის მწვავე განცდა აქვს, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო ჩუმად არის. გვახსოვდეს, რომ დღეს დუმილი დანაშაულია.

„დუმილი წვეთავს და დუმილი გვწამლავს ნელნელა“… ამბობს გიორგი კეკელიძე.
დიახ, როცა რაღაც ფიქრი მოგეძალება და ცდილობ ის გულში ჩაიკლა, დუმილმა შეიძლება მოგწამლოს. ამიტომ ამოვიღოთ ხმა. ეს თითქოს არც ისე ძნელია. ამოვიღოთ ხმა, ვისაც როგორ შეგვიძლია. რუსთაველზე დგომით, – ჩემი უდიდესი პატივისცემა მათ, ვინც თითქმის ორი წელია მუხლჩაუყრელად, ყოველდღიურად მონაწილეობს ამ საოცარ აქტში! მარშში მსვლელობით. ფეისბუკის პოსტით. ან რაიმე სხვა ქმედებით…

ასე, სხვადასხვაგვარად, მაგრამ არ დავდუმდეთ, ამოვიღოთ ხმა – უსამართლობის წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ.
ეს ადამიანის უპირველესი მოვალეობაა მისი არსებობის დასაბამიდან დღევანდელ დღემდე. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული: დუმილის დარღვევით ადამიანი პირად თავისუფლებასაც მოიპოვებს და საერთო დიდი მიზნის მიღწევაშიც შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს. თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს!”-
წერს ლანა ღოღობერიძე.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს „თეთრი არწივის ორდენი“ ფოსტით გაუგზავნა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 5+1 შეთანხმებას სთავაზობს