ლანა გალდავა-ოკუპანტი შემოგვეჭრა სახლში, ფიზიკური ძალის გამოყენებით მოგვტაცა სამი მოქალაქე და ხელისუფლებამ კვლავ უპასუხა სტანდარტულად

მიმდინარე წლის 18 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რაიონისკენ მომავალი სამი მოქალაქე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელი ხურჩის ცენტრში, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით უკანონოდ დააკავეს და იძულების წესით წაიყვანეს ოკუპირებულ აფხაზეთში.
ზემოაღნიშნულმა შემაშფოთებელმა ფაქტმა, სამწუხაროდ, ნათლად აჩვენა, რომ როგორც გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში, დღესაც ოკუპანტი შემოგვეჭრა სახლში, უფრო მეტიც, ჩვენი ხელისუფლების მიერ ,,კონტროლირებად” ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების უუნარობა და შესაბამისი ძალოვანი სამსახურების უმოქმედობა, ჩამოშლილი სახელმწიფოს სისუსტე, რომლის მსხვერპლი გახდნენ უდანაშაულო ადამიანები.
პოლიტიკური გართიანება “ლელო საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული შემაშფოთებელი ფაქტიდან გამომდინარე, არ კმარა მხოლოდ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისადმი მიმართვა დროულად რეაგირებისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდეგი ღონისძიებების გატარება:
ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი სტრატეგია და შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა დეოკუპაციის მიმართულებით, რაც მოიცავს ოკუპირებულ რეგიონებთან და საოკუპაციო ხაზებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმას;
გასატარებული კომპლექსური ღონისძიებები უნდა მოიცავდეს კონფლიქტისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას, რაც ნიშნავს ერთობლივ ღონისძიებებს საოკუპაციო ხაზებთან მუდმივი პატრულირებით მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსწორებას, კონფლიქტისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაძლიერებას, მოსწავლე არასრულწლოვნების საგანმანათლებლო პროცესებში სრულყოფილად ჩართვას;
სწორედ ზემოაღნიშნული მიზნებით, ასევე უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო და სხვა) ადგილზე წარმომადგენლობითი ოფისების ამოქმედება.

ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის დაცულობა, რომ მათ სიმშვიდეში შეძლონ ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა.

banner
წინა სტატიაშინელი ვარდიაშვილი: ძმები გაჩეჩილაძეები კი არა, ძმები აფერისტები ან თუნდაც ,,2 აფერისტი”
შემდეგი სტატიასაქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭომ გენერალური მდივნის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია