2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრმა ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გავრცელეს, სადაც რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. განცხადებაში აღინიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს შეჭრა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი იყო, რაც მოგვიანებით უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგრძელდა.
გაეროში გაკეთებულ განცხადებას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტი.
„საქართველოს ნამდვილმა მეგობრებმა და მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მოითხოვეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება და რუსეთის ჯარების გაყვანა. გაკეთდა მკაცრი აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ღრმა ანექსიური პროცესები. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენი პარტნიორები მუდმივად მზად არიან საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“, — განაცხადა ლანა გალდავამ.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა შეშფოთება გამოთქვეს ოკუპირებული რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის ყოფნასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის) სრულფასოვანი ფუნქციონირების აუცილებლობას.














