ლალი ანთია: „სამეგრელოში ის ხალხია თანამდებობებზე, ვინც ივანიშვილის მხარდამჭერ აქციებს არბევდა“

„ოცნების“ ლიდერმა ჩვენ ჩაგვრეცხა, ნაცები კი დააწინაურა“.

სამეგრელოში სამოქალაქო აქტივისტ ლალი ანთიას ყველა იცნობს. თავის თანამოაზრეებთან ერთად ნაციონალებს სისხლს უშრობდა, რეგიონში აქციას აქციაზე უწყობდა.
ის არც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლის შემდეგ გაჩერებულა. პირიქით, მან უფრო მეტი ენერგიით დაიწყო ბრძოლა. ეს ბრძოლა 2012 წელს ნაციონალების დამარცხებით დასრულდა, თუმცა ბევრ ჩინოსანზე ხელისუფლების ცვლილებას არ უმოქმედია. ეს ხალხი არხეინად გადაბარგდა „ქართულ ოცნებაში“. ისინი კი, ვინც ნაციონალებს ებრძოდა, არავის გახსენებია. ლალი ანთიაც მათ რიგებში აღმოჩნდა.
ლალი ანთია „თაიმერთან“ საუბარში გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ისინი ჩარეცხა, ხოლო ნაციონალები დააწინაურა.
რატომ არ ხვდება ივანიშვილი? რის თქმას აპირებს „ოცნების“ ლიდერისთვის? რას აკეთებენ პორტირებული ნაციონალები სამეგრელოში? ამ საკითხებზე ლალი ანთია „თაიმერს“ ესაუბრება.
– ქალბატონო ლალი, დიდი მცდელობის მიუხედავად თქვენი ვერ მოახერხეთ ივანიშვილთან შეხვედრა. რატომ გინდოდათ მასთან შეხვედრა? რამე გაქვთ სათქმელი?
– სათქმელის მეტი რა მაქვს. არ მეგონა თუ ივანიშვილი ასე მოიქცეოდა. მახსოვს, როგორ ჩამოვიდა პირველად სამეგრელოში. პირველად ჩვენ შეგხვდა. ჩვენ ვებრძოდით მაშინდელ რეჟიმს. ივანიშვილს ისიც უნდა ახსოვდეს, თუ როგორ დაახვედრეს მას ნაციონალებმა ზონდერები. ეს ზონდერები ჩვენ სულ თან დაგვდევდნენ და ეს დევნა წლების მანძილზე გრძელდებოდა. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, იმ წლებში მრავალჯერ ჩავხედეთ სიკვდილს თვალებში, მაგრამ უკან არ დაგვიხევია, ხელისუფლების შეცვლამდე ვიბრძოდით. ვერაფრით მოვახერხე „ოცნების“ ლიდერთან შეხვედრა, არადა მან ძალიან კარგად იცის ჩემს შესახებ. შეიძლება არ ეუბნებიან, რომ მასთან შეხვედრა მინდა. რადგან ივანიშვილი არ მხვდება, „თაიმერის“ მეშვეობით მინდა შევეკითხო მას – რატომ ჩაგვრეცხეთ ბატონო ბიძინა? იმედი მაქვს რომ ამ კითხვაზე აუცილებლად გამცემთ პასუხს.
– რატომ გგონიათ რომ ჩაგრეცხათ?
– აბა რა ჰქვია იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით? ჩვენ ფეხებზე დაგვიკიდა „ქართულმა ოცნებამ“. არადა, ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელმაც საკუთარი თავიც გასწირა და საკუთარი ოჯახიც, რათა სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო. ახლა იოლია ნაციონალების ოფისთან მივარდნა და აქციის მოწყობა, თორემ მაშინ ეს სიკვდილზე წასვლას ნიშნავდა. დიახ, ჩვენ სიკვდილს ვუყურებდით თვალებში და ასე ვებრძოდით რეჟიმს. კარგად ვიცოდით, რომ 2012 წლის არჩევნებს თუ წააგებდა ოპოზიცია, ნაციონალები სასტიკად გაგვისწორდებოდნენ ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებს. მიუხედავად ამისა, ვიბრძოდით, მაგრამ რისთვის? იმისთვის, რომ ისევ იმ ძალის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში? არანაირი თანამდებობისთვის არ გვიბრძოლია, მაგრამ ჩვენთვის ძნელი ასატანია იმ ხალხის ხილვა მაღალ თანამდებობებზე, ვინც ჩვენ გვაწიოკებდა და გვარბევდა.
– პორტირებული ნაცების დაწინაურება ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა. თქვენი აზრით, ეს რის ბრალია?
– მაგის გასარკვევად მინდა ივანიშვილთან შეხვედრა. შეიძლება, მან არც კი იცის, თუ რა ხალხი დაინიშნა სამეგრელოში მაღალ პოსტებზე. იცით როგორი ხალხი დააწინაურეს? ივანიშვილის ბილბორდებს რომ ტყვიებით ხვრეტდნენ, ბეჭდურ მედიას, სადაც ბიძინას სურათი იყო ცეცხლს უკიდებდნენ, „ოცნების“ მომხრეებს დასდევდნენ და აწიოკებდნენ. აი, ასეთი ხალხი დააწინაურეს. ჩვენ კი ფეხებზე დაგვიკიდეს. ამის ღირსები არ ვყოფილვართ. ჩვენ არც ბიუჯეტი გაგვიძარცვავს ოდისმე და არც სხვა რამე დანაშაული ჩაგვიდენია. ჩვენ სიმართლისთვის ვიბრძოდით. ის ძალა კი დავამარცხეთ, მაგრამ ჩვენც დამარცხებულები ვართ. 69 წლის ქალი ვარ, თანაც ინვალიდი, საქართველოდან ვერსად გადავიხვეწები. აქ უნდა დავრჩე და ძალიან მიჭირს „ოცნების“ ხელისუფლებაში იმ ხალხის ყურება, ვინც „ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო გვარბევდა და გვაწიოკებდა. იმისთვის არ მიბრძოლია, რომ რაღაც თანამდებობას მივიღებდი. არც ივანიშვილის გამოჩენის მერე გავაქტიურებულვარ. 2003 წლიდან ვებრძვი ნაციონალებს. ამდენი იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ხელისუფლებაში ისევ ესენი იყვნენ.
ერთხელ მაინც ხომ უნდა ეკითხა ჩვენს შესახებ ივანიშვილს?! მოეკითხა ის ხალხი, ვინც სამეგრელოში მას პირველი დახვდა. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ტყუილი უთხრეს ჩვენზე. ამიტომ მინდა მას შევხვდე, კითხვებიც დაუსვა და სამეგრელოში არსებულ ვითარებაზე რეალური ინფორმაცია მივაწოდო. რამდენჯერმე დავაპირე მიტინგი მომეწყო და ასე მიმეწვდინა მისთვის ხმა, მაგრამ არ ვაკადრე. ახლა „თაიმერის“ საშუალებით მივმართავ და კიდევ ერთხელ ვითხოვ მასთან შეხვედრას. მან სიმართლე უნდა გაიგოს. უნდა იცოდეს, რა ხალხია სამეგრელოში მაღალ პოსტებზე. ეს ხალხი წლების წინ მას და მის მხარდამჭერებს არბევდა, ახლა უკვე ნაციონალებს დასდევს. ისინი ხვალაც შეიცვლიან პოზიციას. სამწუხაროა, რომ ივანიშვილის დასაყრდენი სამეგრელოში სწორედ რომ ასეთი ხალხია.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიIRI და NDI არის ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიის, მმართველებს ვისაც არ სურთ დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში მათთვის ისინი არიან მტრები
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე: ბიძინა ხელი არ წაგიცდეს და ვიღაცა არ შემოგაკვდეთ ქუჩაში, თორემ იქნება უმართავი პროცესები…