ლაკობა: “ელცინს წინააღმდეგობა რომ გაეწია, აფხაზეთში ომი არ დაიწყებოდა”

 

“თაიმერი” გთავაზობთ სტანისლავ ლაკობას ინტერვიუს სრულ ვერსიას აფხაზეთის ომის თემაზე, რომელიც მან “ეხო კავკაზას” ამასწინათ მისცა.

სტანისლავ ლაკობას წიგნი “აფხაზეთი-დე ფაქტო თუ საქართველო-დე იურე?” 2001 წელს იაპონიის ქალაქ საპოროში გამოიცა. ლაკობა 1991-1996 წლებში აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი იყო, ასევე სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობაში, მათ შორის ორჯერ იყო უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე. ომის დროს გახლდათ დეპუტატი და საერთაშორისო საქმეებისა და პარლამენტთაშორისი კავშირების კომისიას ხელმძღვანელობდა. ინტერვიუს ელენა ზავოდსკაია უძღვება. ინტერვიუში გამოყენებულია აფხაზეთში ამჟამად გავრცელებული ტერმინოლოგია და ტოპონიმები.

ე.ზ. – სტანისლავ, თქვენ ბევრი პოლიტიკური პროცესის მონაწილე იყავით, რომელსაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთის ომის დროს 1992-1993 წლებში და მრავალი მოვლენის მონაწილე. ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და თქვენი შეფასება იმ პოლიტიკური ლიდერების როლზე, რომლებიც იმ პერიოდში მოქმედებდნენ. მოდით, გავიხსენოთ ამის შესახებ და იქნებ ბორის ელცინის როლით დაგვეწყო?

ს.ლ. – ცხადია, ამ პერიოდის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, ელცინზე უნდა ვისაუბროთ. ელცინს წინააღმდეგობა რომ გაეწია, აფხაზეთში ომი არ დაიწყებოდა. ეს ჩემთვის უცხადესია. ის ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო, განსაკუთრებით თუ 1992 წელს გავიხსენებთ, როდესაც გამსახურდიას ხელისუფლების გადატრიალების შედეგად მარტის დასაწყისში ხელისუფლებაში შევარდნაძე მოვიდა. მისი გამოჩენიდან ძალიან მოკლე დროში საქართველო 30-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. გამსახურდიას დროს ეს ასე არ ყოფილა. გამსახურდია დიდ წილად რუსეთის ინტერესებს პასუხობდა, ვიდრე შევარდნაძე, მაგრამ გარემოებები ზუსტად ასე დალაგდა. იმ პერიოდში თვითონ გამსახურდია ღიად ამბობდა, რომ ეს შეთქმულება იყო. პირველ ყოვლისა ამერიკელების მხრიდან, რომ მის წინააღმდეგ გადატრიალებაში მონაწილეობდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბეიკერი და ბუში და რომ სამხედროების მონაწილეობის გარეშე არაფერი მოხდებოდა. ვიცით, რომ იმ პერიოდში გრაჩოვს (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი) აქტიური კონტაქტი ჰქონდა კიტოვანთან. კიტოვანი “ეროვნულ გვარდიას” ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი გამსახურდიას წინააღმდეგ გაილაშქრა. თავის დროზე ბეიკერი აცხადებდა, რომ რუსეთის პოლიტიკა იმ პერიოდში (1994 წლამდე) ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში იყო.

1992 წლის 24 ივნისს დაგომისში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დასარეგულირებლად შეხვედრა გაიმართა, რომელიც გამსახურდიას დროს დაიწყო. შევარდნაძეს „ხელების დაბანა“ უნდოდა, რადგანაც ამ კონფლიქტის წინააღმდეგი იყო და დღის წესრიგში სრულიად სხვა საკითხები იდგა – საჭირო იყო საერთაშირისო ორგანიზაციებში გაწევრიანება. 24 ივნისს დაგომისის შეხვედრაზე ომი დასრულდა, მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ მას შეწყვეტენ…და ის უნდა შეწყვეტილიყო, რადგან რუსეთის ხმის გარეშე და საქართველოს გაეროში შესვლა არ შეეძლო. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს და იმავე დღეს, საღამოთი, ელცინმა და შევარდნაძემ ასევე ხელი მოაწერეს კომუნიკეს იმის შესახებ, რომ ისინი ითანამშრომლებენ. კერძოდ, მათი სამართალდამცავი ორგანოები იბრძოლებენ იმ შეიარაღებული ნახევრად ლეგალური შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ, რომელებიც ფუნქციონირებენ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ საქართველომ 14 აგვისტოს აფხაზეთში საკუთარი ჯარი შეიყვანა. დაგომისის ეს შეხვედრა ისტორიაში შევიდა როგორც “დაგომისის შეთქმულება”. ფაქტობრივად, ამით მწვანე შუქი მისცეს სამხედრო მოქმედებებს. აფხაზეთის ბედი გადაწყვეტილი იყო.
ე.ზ. – რატომ?
ს.ლ. – იმიტომ, რომ მიღებული იყო შეთანხმება-კომუნიკე იმის შესახებ, რომ ისინი წესრიგს დაიცავდნენ: საქართველოში ქართული ჯარი, რუსეთი კი ამაში არ ჩაერევა. აი, რაზეა საუბარი.
ე.ზ. – სტანისლავ, როგორ ფიქრობთ, რა იყო ელცინის სტრატეგიული მიზანი იმ პერიოდში საქართველოსთან და აფხაზეთთან მიმართებაში?
ს.ლ. – იმ პერიოდში, ასე მგონია, რომ ელცინს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა. საინტერესოა, რომ შიდა პოლიტიკის საკითხებით, განსაკუთრებით კი უახლოესი საზღვარგარეთით, ამიერკავკასიით, იმ მომენტისთვის მეტწილად დაკავებული იყო სამხედრო უწყება და არა დიპლომატიური და ამას მოვლენები ადასტურებენ.
მაშინდელი რუსეთის ხელისუფლებისა და ელცინის მთავარი მიზანს წარმოადგენდა გამსახურდიას შეცვლა შევარდნაძით და მისგან დსთ-ში შესვლაზე თანხმობის მიღება. მაგრამ როგორც კი შევარდნაძე საქართველოში აღმოჩნდა, მან სხვანაირად დაიწყო მოქმედებები: დაივიწყა საკუთარი მოვალეობები და მათ შესრულებას წელავდა. იგი ამბობდა – ახლა დასუსტებული ვართ, ზვიადისტებს ვებრძვით, არმიას გაძლიერება სჭირდება წესრიგის დასამყარებლად, რომ მათ შეიარაღება არ აქვთ და ამიტომ შესაძლებელია მათი გადაგდება და გამსახურდიას რეჟიმის რესტავრაცია. ამით ის თითქოს აშინებდა ელცინს და თბილისში ტელეცენტრზე თავდასხმის ინსცენირებაც კი მოაწყო. ეს 24 ივნისს მოხდა დღისით. შევარდნაძემ ამ გადატრიალებას წინააღმდეგობა გაუწია და შემდეგ მოულოდნელად თქვა: “თამაში დასრულებულია!” . საღამოს იგი ელცინთან გაფრინდა იმის დასარწმუნებლად, რომ იარაღი მიეცა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო დსთ-ს წევრი არ იყო.

ე.ზ. – დიახ, ცნობილია, რომ ომის დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლებისთვის იარაღის გადაცემა მოხდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ბაზებზე იყო განთავსებული. მოგვიყევით დაწვრილებით, რა ტიპის შეიარაღებაზე იყო საუბარი და როგორც შედგა გადაცემა?

ს.ლ. – რამდენიმე დივიზია გადაეცათ, ტანკები, ჯავშანტექნიკა, თვითმფრინავები, ვერტმფრენები. რაოდენობას ზუსტად ვერ დავასახელებ, მაგრამ ჯავშანტექნიკა საკმაოდ იყო. შევარდნაძემ სახელმწიფო საბჭოს წინაშე გამოსვლისას 11 აგვისტოს თქვა: “ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, როგორც არასდროს აქამდე, თუნდაც როგორც ორი-სამი დღის წინ”. არის ანალიტიკოსების შესაბამისი პუბლიკაციები, რომლებიც წერდნენ, რომ ეს ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში მოხდა. კერძოდ, ახალქალაქში უზარმაზარი ბაზა იყო. მისი შეიარაღება გადასცეს და შემდეგ მთელი ამიერკავკასიის ოლქი შევარდნაძეს დაუქვემდებარეს. ჩვენ ვიცით, რომ ჯავშანტექნიკის მექანიკოს-მძღოლები, რომლებიც აფხაზეთში 14 აგვისტოს შევიდნენ, ძირითადად, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.

ე.ზ. – თქვენ წერთ იმაზე, რომ ელცინი საქართველოს 1992 წლის 25 სექტემბრამდე მხარს უჭერდა. ამ დღეს კი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში შევარდნაძემ დასავლეთს დახმარება სთხოვა და რუსეთს ბრალი დასდო. რა მოხდა შევარდნაძესა და ელცინს შორის 1992 წელს? რა მიზეზით შეიცვალა ურთიერთობები, რომელიც თავიდან მყარი იყო?

ს.ლ. – უნდა აღვნიშნოთ, რომ იყო პირველი ეტაპი – 1992 წლის 24 ივლისის დაგომისის კომუნიკედან 1992 წლის სექტემბრის ბოლომდე. ამ ეტაპისთვის ელცინი და მისი გარემოცვა საქართველოს მხარს უჭერდა, იმიტომ რომ შევარდნაძემ ისინი დაარწმუნა ბლიცკრიგში – მოულოდნელი ომი, რომელიც ორ-სამ დღეში მცირეოდენი სისხლით დასრულდება, რომ ჩვენ იქ უბრალოდ რაღაცას შევცვლით და შემდეგ კრასნაია პალიანაში შევხვდებით. კვირას, 16 აგვისტოს იქ სამხედრო სანატორიუმის ტერიტორიაზე სუფრა იყო გაშლილი, ელცინი კი სოჭში იმყოფებოდა. მეტიც, იმ დღეს ის კრასნაია პალიანაში მივიდა, მისი ესკორტის მანქანებმა წრე დაარტყეს, მაგრამ წავიდნენ, იმიტომ, რომ ბლიცკრიგი არ შედგა. ელცინმა შევარდნაძეს მისცა ყველაფერი, რაც მას უნდოდა: შეიარაღებაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიც მის დაქვემდებარებაში იყო, დესანტების დაშვების ორგანიზება გააკეთა, მაგრამ შევარდნაძემ ვერ შეძლო ამით ესარგებლა. ის, სავარაუდოდ, აფხაზების შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებდა. ფიქრობდა, რომ ჯავშანტექნიკის დანახვისთანავე ყველა გაიქცეოდა. მეტიც, თვითონ ოპერაციაც ვერ განხორციელდა ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ისინი ლესელიძის საზღვრიდან დაწყებული, დილით ადრე პირდაპირ რკინიგზაზე აპირებდნენ გადმოსხმას. ამასთანავე დანაყოფები ჯავშანტექნიკასთან ერთად ისე უნდა გადაესხათ, რომ დილისთვის აფხაზეთი ფაქტობრივად სამხედროების ოკუპაციის ქვეშ უნდა ყოფილიყო.
მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ენგურთან ერთი ხიდი აფეთქდა, რკინიგზიდან ტანკების გადმოცლა მოუწიათ, მათ თვითონ განაგრძეს სვლა და დღისით ჩავიდნენ სოხუმამდე. პირველი შეტაკებები უკვე 14-ში დაიწყო, ტყვარჩელის გადასახვევთან ტანკი ააფეთქეს.
ამ პირველ პერიოდში, როცა საქართველოს გადაეცა შეიარაღება და ჯავშანტექნიკა, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და სხვა, ელცინმა ბევრი რამ გააკეთა: დახუჭა თვალი და მხარი დაუჭირა.
სხვათა შორის, საქართველო გაეროში 31 ივლისს მიიღეს, ომი კი ორ კვირაში დაიწყო. ჩიკვაიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაეროში გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოში არაქართული მიწები არ არსებობს და რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწებსო. აი რაზე ლაპარაკობდა ის ომის დაწყებამდე. როცა დამარცხებები დაიწყო, შევარდნაძე მოულოდნელად ნიუ-იორკში გამოვიდა და ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულა. კერძოდ იმაში, რომ ის უშლის ხელს და საშუალებას არ აძლევს მშვიდად იძინონ და სხვა. ელცინსაც ჰყავდა ოპოზიციური პარლამენტი და ქვეყნის შიგნით სერიოზული ოპოზიცია. ყველამ მის წინააღმდეგ დაიწყო გამოსვლა. შევარდნაძემ გაეროს ტრიბუნიდან ჩამოსვლა ვერ მოასწრო, რომ რუსეთის უმაღლესმა საბჭომ დადგენილება მიიღო “აფხაზეთთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ”, სადაც მოითხოვეს აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანა. თვითონ შევარდნაძე ნიუ-იორკიდან მოსკოვში ჩაფრინდა, შემდეგ ის ამბობდა, რომ მას ელცინი ძალიან ცივად შეხვდა.

ე.ზ. – ანუ გაეროში შევარდნაძის გამოსვლის შემდეგ, სადაც მან რუსეთი დაადანაშაულა, ის რუსეთისგან თბილ მიღებას ელოდებოდა?

ს.ლ. – არა მგონია, რომ განსაკუთრებულ დახვედრას ელოდებოდა, მაგრამ სავარაუდოდ, არ ეგონა, რომ ასეთი რეაქცია იქნებოდა, ეგონა რომ აპატიებდნენ. ეს მისი ჩავარდნა იყო, ცხადია. მაშინ ელცინმა თქვა: “მან საკუთარი თავი წარმოიდგინა, ღმერთმა უწყის რად, მის უკან კი ბანანის რესპუბლიკაც არ დგას”. ეს ელცინის ცნობილი სიტყვებია. ხომ ვამბობ, რომ ყველაფერი დსთ-ს ირგვლივ ხდებოდა. შემდეგ გრაჩოვი დარწმუნდა, რომ მის მეგობარ კიტოვანს და სხვებს დსთ-ში შესვლის საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლიათ. ეს მთავარი საკითხი იყო. მეტიც, დარწმუნდნენ, რომ ისინი ამაზე არც ფიქრობენ და არც განიხილავდნენ, აი, მაშინ კი სიტუაცია გართულდა.
ელცინი მიხვდა, რომ საქართველოს დსთ-ში შესვლასთან დაკავშირებით საუბარიც ზედმეტია. აქ ძალიან საინტერესოა, რომ ომის დასაწყისში ჯაბა იოსელიანი შევარდნაძეს ეუბნებოდა: “ხელი უნდა მოვაწეროთ დსთ-ში შესვლას”, შევარდნაძემ კი უპასუხა: “ნუ ჩქარობ”. მაშინ ჯაბამ, რომელიც ენაკვიმატობით გამოირჩეოდა, უპასუხა: “მისმინე, მოსკოვში რომ დააცემინონ, ჩვენ ფილტვების ორმხრივი ანთება დაგვემართებაო!”, რაზეც შევარდნაძემ უპასუხა: “ჯერ აფხაზეთის უნდა მივხედოთო”. ეს საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო. ფიგურალურად რომ ვთქვათ, შევარდნაძეს აფხაზეთში უნდოდა ომის დაწყება, ისე რომ დსთ-ში არ უნდოდა შესვლა. ის თავის თამაშს თამაშობდა.

ე.ზ. – რაში მდგომარეობდა მისი თამაში?
ს.ლ. – ეს დასავლური თამაში იყო, მაგრამ ის ხელს აძლევდა რუსეთს, ელცინს და მისი გარემოცვაში მყოფ რამდენიმე ადამიანს. თუმცა რუსეთში იყვნენ ძალები, რომლებიც წინააღმდეგ მიდიოდნენ და აფხაზეთს უჭერდნენ მხარს, იგივე პარლამენტი, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხი, კაზაკები, სამხრეთ რუსეთი, ბევრი მოხალისე იბრძოდა, რომლებიც აფხაზეთში ჩადიოდნენ.
ე.ზ. – გთხოვთ დააზუსტოთ, რაში იყო შევარდნაძის თამაშის არსი?
ს.ლ. – 1992 წლის დასაწყისში შტატებში მსოფლიო კულუარების გადაწყვეტილებით კომპანია Brock group LTD-თან ხელი მოაწერა უახლოესი ათი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკური გეოსტრატეგიის შესახებ პროტოკოლს. მე ვაქვეყნებდი ამ მასალებს. მათ სჭირდებოდათ ისეთი ადამიანი, როგორიც შევარდნაძეა.
ე.ზ. – რაზე იყო პროტოკოლში საუბარი?
ს.ლ. – საუბარი იყო ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე, საზღვაო პორტებზე – ბათუმზე, ფოთზე. ეს იყო სამომავლო ნავთობსადენის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მონახაზები რუსეთის გარეშე. გამოდის, რომ მაშინ, 1992 წლის თებერვალში, ამერიკაში მას ყველაფერზე თანხმობა მისცეს.
ე.ზ. – გთხოვთ, დააკონკრეტოთ, თუ საით მიყავდა შევარდნაძეს საქართველო, რა მიმართულებით, რა მისი მიზანი
ს.ლ. – შევარდნაძეს საქართველო რუსეთის გავლენებიდან გამოყავდა, მაგრამ არ აპირებდა დსთ-ში შესვლას და პირდაპირ დასავლეთისკენ აიღო გეზი. მაგრამ იმ მომენტისათვის შესაძლებელი იყო მას ეს არ გამოსვლოდა. ის თავის დასავლელ მეგობრებს ძალიან ენდო.
ამ ომის შედეგად 9 ოქტომბერს საქართველო დსთ-ში შევიდა იმიტომ, რომ სხვანაირად შევარდნაძეს გადააგდებდნენ და გამსახურდიას დააბრუნებდნენ. მით უმეტეს, რომ გამსახურდია სამეგრელოში იყო, ფოთში ომი მიდიოდა. შემდეგ, გახსოვთ, რაც მოხდა. როდესაც რუსეთის საზღვაო ძალების დაზვერვა გადმოსხეს. ისინი შევარდნაძეს დაეხმარნენ და ფოთის, სამტრედიის, პორტების გზა გახსნეს და ა.შ. ეს ხომ იყო შეთანხმება. შემდეგ მოხდა მოულოდნელი შეხვედრა მოსკოვში, სადაც 1993 წლის 9 ოქტომბერს, უკვე მას შემდეგ, რაც აფხაზეთი დაკარგა, ხელი მოაწერა დსთ-ში შესვლას.
ამის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრი შარაშენიძე მას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამის გაკეთება ადრე იყო შესაძლებელი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, არ იქნებოდა არანაირი აფხაზეთის ომი. მეტიც, მგონი, მათ რუსულ სამხედრო ბაზებს ოცი წლით საქართველოში ყოფნის უფლება მისცეს, ფოთის პორტი რუსეთს გადასცეს, აქ რამდენიმე კადრი დააბრუნეს (გიორგაძე, ნადიბაიძე), რომელშიც რუსეთის ფედერაცია დაინტერესებული იყო. შევარდნაძე დროებით, დაახლოებით 1996 წლამდე, ისევ დაბრუნდა რუსეთის გავლენის ქვეშ.

ე.ზ. – სტანისლავ, ელცინის და შევარდნაძის როლი თქვენ ახსენით. მოდით, ვლადისლავ არძინბას როლზე გადავიდეთ. სამხედრო სიტუაციისას, როდესაც უკვე საომარი მოქმედებები დაიწყო აფხაზეთში, რა ტიპის ურთიერთობა იყო სამ ლიდერს შორის? დაახასიათეთ ვლადისლავ არძინბა, მისი ხედვები სიტუაციაზე და მოქმედებები.

ს.ლ. – ცხადია, იმას მაინც იმის იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი და ელცინი, რომელთაც მანამდე შეხვდა, რამეში მაინც მიიღებდნენ მონაწილეობას, რომ რამეში დაეხმარებოდნენ. ომის პირველ დღეს, 14 აგვისტოს, ის ელცინთან დაკავშირებას შეეცადა, რომელიც სოჭში იყო, მაგრამ კორჟაკოვმა რამდენჯერმე უპასუხა: “ბორის ნიკოლოზის ძე ზღვაზეა”. ფაქტობრივად, არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ვხედავდით, რუსი სამხედროების ევაკუაცია როგორ სწრაფად მოხდა. ცხადია, ვლადისლავ არძინბას ჰქონდა გარკვეული იმედგაცრუებები, მაგრამ სულით არ ტყდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 14 აგვისტოს მან აფხაზეთის ტელევიზიით განცხადება გააკეთა და ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ ეს აგრესიის აქტი იყო. ეს აღსანიშნავი ფაქტია, რადგან იმ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორიენტირება. მეტიც, რუსეთის ფედერაციის შსს-მ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მხარი დაუჭირა იმას, რაც ხდებოდა. ეს კოზირევის დროს იყო და, სხვათა შორის, გამოქვეყნდა 1992 წლის 19 აგვისტოს გაზეთ “თავისუფალ საქართველოში”. ისინი მხარს უჭერდნენ აქციას, ამბობდნენ, რომ ეს სეპარატიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლა იყო. თქვენ იცით აქ რაც ხდებოდა და რას უშვრებოდნენ მრავალეროვნულ რუსულენოვან მოსახლეობას, რას უშვრებოდნენ სომხებს, ბერძნებს, არაფერს ვამბობ აფხაზებზე. ამ დღეებში ნამდვილი გენოციდი იყო. საქართველოს შს მინისტრმა ლომინაძემაც კი გაიხსენა: “კიტოვანის არმიელები თავს დაესხნენ ქალაქს, როგორც კალიები. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ ასეთი უსირცხვილოები ვყოფილვართ”. მან ეს უკვე ომის შემდეგ თქვა და ასევე თქვა: “ჩვენ ბევრ რამეში დამნაშავეები ვართ”.

ე.ზ. – იმ მძიმე დღეებში როგორ განწყობაზე იყო ვლადისლავ არძინბ, როგორ რეაგირებდა სიტუაციაზე?
ს.ლ. – მისთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო ის, რაც მოხდა. იგრძნობოდა, რომ ცდილობდა რაიმეს გაკეთებას, გარკვევას, პირველ პირებთან ტელეფონზე დაკავშირებას. ის რუსეთის ხელმძღვანელობასთან შემთხვევით არ ცდილობდა დაკავშირებას. ცხადი იყო, ელცინი რომ წინააღმდეგი ყოფილიყო, არანაირი სამხედრო ავანტურა არ იქნებოდა. შეთქმულება იყო, მაგრამ ამაზე ახლა შეგვიძლია საუბარი, როდესაც დოკუმენტებს და მასალებს გავეცანით. დიახ, დეპუტატების გარკვეული რაოდენობა გვერდით ედგა, მაგრამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მას ვერ უკავშირდებოდნენ. ჩვენ გვესმოდა, რომ მასზე ნადირობა იყო გამოცხადებული. ამავე დროს, ღიად ლაპარაკობდნენ, რომ “არძინბასთან იყო საკითხი მოსაგვარებელი”. შემდეგ რამდენიმე წყაროდან ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავი ТУ-134, რომელიც თბილისიდან იყო, ქართული სპეცრაზმით ადლერის აეროპორტში იმყოფებოდნენ. ეტყობა, ისინი ფიქრობდნენ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება გაიქცევა და დააკავებენ, ჩასვამდნენ თვითმფრინავში და თბილისში გადაიყვანდნენ, მათ შორის, დეპუტატებსაც. შემდეგ, დესანტი გადასხეს რუსეთის საზღვართან, რომ ჩვენ რუსულ საზღვრამდე წვდომა არ გვქონოდა. მხოლოდ 17-ში დავინახეთ არძინბა გუდაუთაში. ანუ, იმ დღეებში კონტაქტი არ ყოფილა, ის თავის დაცვასთან ერთად იყო.
მნიშვნელოვანია, ამას ჩვენი დეპუტატებიც იხსენებენ, რომ 17-ში გუდაუთაში ვლადისლავ არძინბას ტელეფონთან საკუთარმა დაცვამ დაუძახა, მანქანაში იყო ტელეფონი – ეს პირველი ზარი იყო მოსკოვიდან, რეკავდა ბურბულისი. ის იყო მაშინ გენერალური მდივანი. საღამოს ვლადისლავი გამოჩნდა და ის სრულიად სხვა განწყობაზე იყო.
ე.ზ. – როგორ შეიცვალა ამ დღეებში მისი განწყობა?
ს.ლ. – დღითიდღე განწყობა მეტად გარკვეული ხდებოდა. ის გუდაუთაში, მგონი 17-ში გამოვიდა სიტყვით, ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა. ამ ყველაფერში მცირე წვლილი არ მიუძღვის პავლე არძინბას, რომელიც შემდეგ ტერაქტის შედეგად მოკლეს. ის გვერდით ედგა, მას შესაძლებლობები ჰქონდა, რომლის წყალობითაც პრიორიტეტი შეიარაღება და ეკიპირება იყო. მალერი აიბაც მასთან გახლდათ. ეს ადამიანები ქმნიდნენ წინააღმდეგობის ძალას. დეპუტატებიც, ცხადია, მაგრამ არა ყველა, დაახლოებით 14. ეს ისინი არიან, ვინც გვერდით იდგნენ, მხარს უჭერდნენ, არწმუნებდნენ. რაც შეეხება დანარჩენებს, გაურკვეველი იყო თუ რა როლს თამაშობდნენ ისინი. შემდეგ ვლადისლავმა ძალა მოიკრიბა. ძალიან რთული იყო ამ სიტუაციის გადატანა: ხალხის დაღუპვა, ტრაგედიები, მოსახლეობის გადაადგილება…ლტოლვილებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იყვნენ გამოქცეული, საცხოვრებელი პირობების შექმნა იყო აუცილებელი. ისინი ამბობდნენ: “თუკი თქვენ რუსეთმა გაგვიშვათ, გაუშვით აფხაზეთი. ბოლოსდაბოლოს, ქართველებო, რას აკეთებთ?”
ცხადია, ელცინის პოლიტიკაზე დიდად იმოქმედა იმან, რომ ჩრდილოეთ კავკასია დადგა ფეხზე. მათ ნახეს, რომ საფრთხეშია თვითონ რუსეთის ფედერაცია. მხედველობაში მაქვს აფხაზეთის მხარდასაჭერად მოხალისე ჯგუფები, კავკასიის მთის ხალხთა კონფედერაცია, ამან სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა ელცინსა და სხვებზე და ისინი იძულებული გახდნენ კურსის კორექტირება მოეხდინათ.
ისინი ფიქრობდნენ: ჩუმად, უთქმელად მოვამთავრებთ აფხაზეთს, საქართველოს მოველაპარაკებით, შევარდნაძე, მაინც ჩვენი კაცია, მოსკოვში მუშაობდა, გამსახურდია – ჩვენი კაცი არ არის, თუკი გვეყოლება შევარდნაძე, გვეყოლება მთელი ყოფილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა, მათ შორის აფხაზეთი. მათ პრობლემები არ უნდოდათ, ისინი, როგორც ვფიქრობ, ძალიან თავისუფლად განიხილავდნენ ამ საკითხს, ბევრ რამეში საგნის არსიც არ ესმოდათ. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც საქმეში ერკვეოდნენ, მაგალითად, სერგეი ბაბურინი, რომელმაც იცოდა, შეისწავლა ჩვენი პრობლემა. იყვნენ სხვებიც, მოდიოდნენ დეპუტატები, და არა მხოლოდ ისინი. ვლადისლავს მინდა დავუბრუნდე და ვთქვა, რომ ის ძალიან დარწმუნებით და მყარად მოქმედებდა. ვერავინ იქნებოდა იმ პერიოდში ისეთი ლიდერი, როგორიც ის იყო. ეს განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რამეთუ მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა, და როგორც ისტორიკოსი, აცნობიერებდა როლს, რომელიც მას ერგო. სინამდვილეში, არძინბამ შეუძლებელი გააკეთა იმ პერიოდში.
თავის მოგონებებში გენერალი ლევან შარაშენიძე, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პირდაპირ წერს, რომ ომის გაჩაღებაში მთელი პასუხისმგებლობა შევარდნაძეს აკისრია. ომამდე, მაისის თვეში, მას არძინბასთან შეხვედრა ჰქონდა და არძინბამ თქვა: “საჭირო თუ იქნა, თბილისშიც ჩამოვალ და იქ დავილაპარაკოთ”. ის ამბობს: “ეს ყველაფერი მე შევარდნაძეს გადავეცი”. მაგრამ შევარდნაძეს რეაქცია არ ჰქონია, მას უბრალოდ, განადგურება უნდოდა, დამცირება … აი, რაზე ფიქრობდა იგი.

ე.ზ. – ომამდელ და საომარ სიტუაციებზე საუბრისას, არ შეიძლება ზვიად გამსახურდიაზე არ ვთქვათ. სტანისლავ, მოგვიყევით, რა როლი ითამაშა მან ამ სიტუაციაში, იცვლებოდა თუ არა მისი შეხედულებები რაიმე სახით?
ს.ლ. – დასაწყისში ის უკიდურესად შოვინისტური განცხადებებით გამოდიოდა იმ ხალხების მიმართ, რომლებიც ყოფილ საბჭოთა საქართველოში ცხოვრობდნენ. 1989 წლის დასაწყისში მისი “ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველებისადმი” მიმართვა გავრცელდა, სადაც ის აფხაზების წინააღმდეგ გამოდიოდა და თქვა, რომ ისინი მოსულები არიან და აფხაზეთთან არანაირი კავშირი არ აქვთო. მან იმის მოწოდებაც კი გააკეთა, რომ ქართველებს აფხაზების ქორწილებსა და ქელეხებში არ ევლოთ. აი, ასეთი რამ ხდებოდა 1989 წელს, მაგრამ ამაზე ცოტას ლაპარაკობენ. არადა ეს იყო 1989 წლის დასაწყისი, რომელმაც, სხვათა შორის, ძალიან ცუდად იმოქმედა არა მხოლოდ აფხაზ მოსახლეობაზე, არამედ, ყველა არაქართველ მოსახლეობაზე აფხაზეთში, იმ ქართველებზეც კი, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. მსგავსმა გამონათქვამებმა გამოიწვიეს ლიხნში 1989 წლის აპრილის მოვლენები, როდესაც მრავალათასიანი სახალხო შეკრება გაიმართა, სადაც აფხაზეთის რესპუბლიკისთვის 1921 წლის სტატუსის აღდგენის საკითხი დაისვა.
გამსახურდია ამ ხაზს მისდევდა დაახლოებით 1991 წლის მარტამდე, იმ მომენტამდე, სანამ რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმის შემდეგ აფხაზეთში გადმოისროლეს სადესანტო-საშტურმო ბატალიონი. მაშინ კავკასიის მთის ხალხთა კონფედერაცია მოქმედებდა, რომელმაც დაინახა, რომ კოლოსალური საფრთხე წარმოიშვა. ამ დროს ის სამხრეთ ოსეთში იბრძოდა და ეტყობა, მიხვდა, რომ ორ ფრონტზე ბრძოლას ვერ მოახერხებს და მოულოდნელად, სხვანაირად ალაპარაკდა: განაცხადა, რომ აფხაზები – ისეთივე ძირძველი მოსახლეობაა, როგორც ქართველები, საუბრობდა იმაზე, რომ პარლამენტის ფორმირება ოყო საჭირო. გამსახურდიამ, ეთნიკური პრინციპით კვოტების შეთავაზებაც კი გააკეთა, თუმცა მას სთავაზობდნენ, კერძოდ აფხაზი იურისტი ზურაბ აჩბა, ორპალატიან პარლამენტს: ეროვნულს და რესპუბლიკის, სადაც ყველა ეროვნების წარმომადგენელი იქნებოდა წარმოდგენილი. მაგრამ მას ეს არ მოეწონა. მან თქვა, რომ ძალიან საშიში იქნება საქართველოსთვის თუკი ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნება, საქართველოში მცხოვრებ ხალხებს, მაგალითად, აზერბაიჯანელებს და სომხებს, შეუძლიათ პრობლემების შექმნაო. მან ეთნიკური კვოტების შეთავაზება გააკეთა, ანუ, 28 დეპუტატი აფხაზებს, 26 – ქართველებს. მე როგორც ვხვდები, ის კლდის ქიმიდან გასვლას აპირებდა და მიხვდა, რომ ცუდი მშვიდობა უკეთესია, ვიდრე ომი.

ე.ზ. – პუბლიკაციებში ისეთი შეხედულებებია, თითქოს, შევარდნაძე არ ყოფილა 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანის ინიციატორი. ამაზე რას ფიქრობთ?

ს.ლ. – ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ლევან შარაშენიძის აზრი, რომელიც წერს, რომ მას 1992 წლის თებერვლიდან არძინბასთან ბევრი შეხვედრა ჰქონდა, არძინბა კი შევარდნაძესთან მოლაპარაკებებისთვის მზად იყო, მაგრამ შევარდნაძეა დამნაშავე, რადგან დათმობებზე არ მიდიოდა.
ე.ზ. – როგორ გგონიათ, რატომ არ თანხმდებოდა ის არძინბასთან შეხვედრაზე?

ს.ლ. – იმიტომ, რომ შევარდნაძეს პრობლემების ძალის გამოყენებით გადაჭრა სურდა. ისეთ გარემოცვაში, როგორიც კიტოვანი და იოსელიანია, მას მანევრირებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობები არ ჰქონია. მაგრამ ის აზრი, თითქოსდა შევარდნაძე ჯარის შეყვანის წინააღმდეგი იყო და ამას სხვები აძალებდნენ, ვერანაირ კრიტიკას უძლებს. წაიკითხეთ, მაგალითად, სახელმწიფო საბჭოზე 11 აგვისტოს შევარდნაძის გამოსვლა. ის ამბობს, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ლესელიძიდან დაწყებული, წესრიგს დაამყარებენ, რომ ჩვენი საზღვრები არ დაირღვევა.

ე.ზ. – ომამდე ბევრს წარმოედგინა, რომ შევარდნაძე საკმაოდ ჭკვიანი დიპლომატი იყო. ახლა კი ვამბობთ, რომ ის აფხაზეთის ბლიცკრიგით დაპყრობას აპირებდა. რატომ ვერ აფასებდა ის შესაძლო წინააღმდეგობას?
ს.ლ. – მე ამას არ ვამბობ. ამას დოკუმენტები და მასალები ამბობენ. მართლაც, მას სწორედ ასე სურდა აფხაზეთის პრობლემის მოგვარება. მაგალითად სამეგრელო გამოდგება, სადაც შევიდნენ და ყველა გაიქცა. ხალხი მოკლეს, დაამცირეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ აფხაზეთშიც იგივე იქნებოდა, მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირად მოხდა.
შევარდნაძისთვის მთელი ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე აფხაზეთი თავისებური “პუნქტი” იყო. ის ყველა სხდომას შეკითხვით იწყებდა: “რა ხდება იქ, აფხაზეთში?” და ამის ყოველთვის ძალიან ეშინოდა. ცხადია, ყველაფრის სხვაგვარად გადაჭრა შეიძლებოდა. ლევან შარაშენიძე წერს, რომ გაოცებული იყო იმით, რომ ამ ადამიანმა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 5-6 თვის მანძილზე როგორ ვერ გამონახა საერთო ენა აფხაზეთთან და არძინბასთან. მიუხედავად ამისა, შევარდნაძეს შესაგებებელი არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
სხვათა შორის, ქართველი ისტორიკოსი ზურაბ პაპასკირიც წერს, შევარდნაძე, ასეთი გამოცდილების ადამიანი როგორ წავიდა ამაზეო? ის სოხუმშიც უნდა წასულიყო და არძინბას უნდა მოლაპარაკებოდა, გაერკვია, რა სურთ აფხაზებს და რა გვსურდა ჩვენ. ეს ადასტურებს იმას, რასაც შარაშენიძე წერდა. ეტყობა, მიზანი სულ სხვა რამე იყო, მას სამხედრო მიზნით სურდა პრობლემის გადაჭრა, ყველა სირთულის ერთი ხელის მოსმით მოგვარება, რომ აფხაზებისგან თავის ტკივილი არ ჰქონოდა. ჩემთვის ეს სრულიად ცხადია.
მაგრამ ის ამას, ძირითადად, კიტოვანის ხელით აკეთებდა. მე ველაპარაკე იოსელიანს ჟენევაში, როცა 1994 წელს მოლაპარაკებები მიდიოდა. მე მას ვკითხე: “ჯაბა, ეს როგორ მოხდა?” მან მიპასუხა: “შენ იცი, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. ეს ყველაფერი შევარდნაძის და კიტოვანის ნახელავია.” მე ვეკითხები “როგორ?” ის კი მპასუხობს, რომ მათ ეს სახელმწიფო სხდომაზე 11 რიცხვში გადაწყვიტეს, სადაც თვითონ არ ყოფილა. ეს მართალია, ის იქ არ იყო. მან ასეთი საინტერესო რამეც მითხრა: “მე მათ შემდეგ ვაფრთხილებდი, ასე არ გააკეთოთ მეთქი. მე ვიცნობ აფხაზებს და რა გგონიათ, თქვენ თუ მოგცეს ტანკები და თვითმფრინავები, შეგიძლიათ მათ გადაუაროთ? სამაგიეროს მიიღებთ”. აი, ასე მითხრა და მონოლოგი საინტერესო მომენტზე შეწყვიტა “სამაგიეროს მიიღებთ”, შემდეგ პაუზა გააკეთა და ამბიბს – “აი, მიიღეს კიდეც”. მე ვუთხარი: “შენ ამ საქმეებში გარეული არ ხარ? “მე გარეული ვარ, მაგრამ მოგვიანებით”-ო ჯაბამ. ვეუბნები: “რეებს აკეთებდით ოჩამჩირეს რაიონში?” ის კი მპასუხობს: “მე ყველა ნაძირალას მაგივრად პასუხს ვერ ვაგებ, თქვენც გყავთ ნაძირლებიო”.
ე.ზ – როგორ აეწყო ურთიერთობები ვლადისლავ არძინბასა და ბორის ელცინს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ? ჩვენ ყველას გვახსოვს კადრები საინფორმაციო გამოშვებებიდან, როდესაც ელცინი, არძინბა და შევარდნაძე ჟურნალისტებთან გამოდიან და უცნაური სიტუაცია იქმნება, როცა ელცინი ცდილობს შევარდნაძემ და არძინბამ ხელი ჩამოართვან ერთმანეთს. ეს წამები ძალიან დაძაბულ და ტრაგიკულ შთაბეჭდილებას ტოვებენ. შეგიძლიათ კომენტარი გაუკეთოთ ამ სიტუაციას?

ს.ლ. – უკვე გითხარით რა მოხდა 25 სექტემბერს. შევარდნაძე შტატებში წავიდა და რუსეთის მისამართით ბრალდებებით გამოვიდა. ამის შემდეგ, რუსეთის პოლიტიკა სრული ად შემოტრიალდა. უკვე ოქტომბერში გაგრა გაანთავისუფლეს და რუსეთთან საზღვარი გახსნეს. 3 სექტემბერს კი მოსკოვში მომავალი აფხაზეთის ომისა და მშვიდობის ბედი წყდებოდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ჩრდილოეთ კავკასიის მრავალი რესპუბლიკა და გადაწყვეტილი იყო, რომ კონფლიქტის დარეგულირება პოლიტიკური და დიპლომატიური გზით უნდა მომხდარიყო. თავდაპირველად, როგორც ვხვდები, წარმოდგენილი იყო ერთი დოკუმენტი, რომელსაც ჩვენც და მეორე მხარეც განიხილავდა. გაკეთდა რამდენიმე შენიშვნა, ზოგადად, ის მისაღები იყო. შემდეგ, თვითონ ვლადისლავ არძინბას მონაყოლით, შესვენება იყო, ელცინი და შევარდნაძე განმარტოვდნენ, ერთად წავიდნენ. შემდეგ ელცინი აშკარად ნასვამი გამოვიდა და თქვა: “ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ, მოიტანეთ სხვა დოკუმენტი ხელმოსაწერად”. არძინბამ უთხრა მას: “ბორის ნიკოლაევიჩ, უნდა განვიხილოთ, როგორ მოვაწერთ ხელს უნახავად?” “არაო, ელცინმა უთხრა, “ხელი უნდა მოაწეროთ, ჩვენ ყოველი პუნქტის განხილვაზე გასავლელი დრო არ გვაქვსო”. ასეთი სიტუაცია შეიქმნა: აფხაზურ მხარეს ხელი რომ არ მოეწერა ამ დოკუმენტისთვის, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების წინააღმდეგი ვართ, ყველაფრის წინააღმდეგი ვართ. ჩვენთვის შეეძლოთ აეკიდებინათ რაც გნებავთ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ მას “მოაწერე, მოაწერე, მოაწერე”.
ამ შეხვედრაზე პარლამენტმა დელეგირება მისცა ვლადისლავ არძინბასა და იური ვორონოვს. არძინბა იძულებული გახდა ხელი მოეწერა. დოკუმენტში საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, იმაზე, რომ გაიყვანენ არა მთლიან ჯარს. საქართველოს შეიარაღების ნაწილი უნდა დარჩენილიყო აფხაზეთში. იქ სიტყვაც არ იყო ნათქვამი საქართველოს ფედერალური მოწყობის შესახებ. როდესაც ისინი ჟურნალისტებთან გავიდნენ, არძინბა მშვენივრად მოიქცა. მან ფაქტობრივად ამ დოკუმენტის დეზავუირება მოახდინა, როცა თქვა, რომ “იმედებს თქვენზე ვამყარებთ, ბორის ნიკოლაევიჩ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს თქვენი პატივისცემის გამო”. ჩვენ იძულებული ვიყავით ხელი მოგვეწერა” – ესეც კი თქვა. შემდეგ შევარდნაძისთვის ხელის ჩამორთმევა არ უნდოდა, როგორც გახსოვთ, ის მას ხელს უწვდიდა, მაგრამ ვლადისლავმა არ ჩამოართვა. ჩანს თუ როგორი გაოგნებულია შევარდნაძე, ის აღშფოთებული იყო. არავინ ელოდებოდა, რომ ვლადისლავი ასე მოიქცეოდა. აიღეთ ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვფიქრობ, ვერავინ მოიქცეოდა ასე მსგავს სიტუაციაში. ასე მგონია. ეს გარდამტეხი მომენტი იყო. ამის შემდეგ ელცინმა, რაღაცნაირად სხვანაირად შეხედა მას.

ე.ზ. – ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრისა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ რამ მოახდინა გავლენა აფხაზეთთან დამოკიდებულებაში პოზიციების ასეთ შეცვლაზე? ეს წინააღმდეგობის ნება იყო თუ რა? როგორც ისტორიკოსმა, გთხოვთ, დააკონკრეტოთ.
ს.ლ. – მოკლედ რომ ვთქვათ, რა გახდა ყველასთვის ცხადი? ჩვენ ხელებს გვიგრეხენ, მაგრამ არ ვნებდებით, ჩვენ გავაგრძელებთ! აი, რას ნიშნავდა ეს. ყველას ესმოდა თუ როგორ მდგომარეობაში იყო, ესმოდათ, რომ ის ფაქტიურად ერთი ებრძოდა მთელს მსოფლიოს. ვლადისლავმა მოგვიანებით მითხრა, ამ დღის შემდეგ ყველა გზა გაიხსნა, ყველა საკითხს მთავრობის მეთაური ეგორ გაიდარი წყვეტდა. საუბარია ჰუმანიტარულ დახმარებებზე, სავაჭრო და სხვა საქმეებზე. “ბევრი პრობლემა იყო და ის ამ პრობლემებს აგვარებდა. “არ იყო ისე, რომ მე სადმე წავსულიყავი და მოსაცდელში ლოდინი დამჭირვებოდა” – არძინბა ამბობდა.

ე.ზ. – რადგანაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საერთაშორისო კონტექსტს განვიხილავთ, გთხოვთ, მოგვიყვეთ, ორ ცნობილ ქართველ ძალოვანზე – კიტოვანსა და იოსელიანზე.

ს.ლ. – აი, რა მითხრა ერთმა კაცმა (არ დავასახელებ ვინ), რომელიც 1992 წლის იანვრის მოვლენების შემდეგ თბილისში იყო, როდესაც გამსახურდია გააგდეს. თბილისში მას ჯაბა იოსელიანი დახვდა. მანქანაში იოსელიანმა უთხრა: “იცი თბილისში ჩემსა და კიტოვანზე რას ამბობენ?” მან უპასუხა: “არა, არ ვიცი რას ამბობენ”. მან უთხრა: “ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოვიდა ცნობილი ქურდი – ეს მე ვარ და უცნობი მხატვარი – ეს კიტოვანია, ის სკულპტორია!”. ცხადია, ისინი სხვადასხვა ტიპის ადამიანები იყვნენ. როგორც ვიცი, იოსელიანი კიტოვანს ვერ იტანდა. ერთხელ მან მასზე თქვა: “ეს საქონელიაო”. ის მას მეხორცედ თვლიდა, გაუთლელ, უხეშ ადამიანად მიაჩნდა. იოსელიანი ბევრად დახვეწილი იყო, უფრო ჭკვიანი. ცხადია, ორივე მამოძრავებელი ძალა იყო. კიტოვანი ყოფილ “ეროვნულ გვარდიას” ხელმძღვანელობდა და გამსახურდიას სასტიკი მოწინააღმდეგე გახლდათ, მას კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა გრაჩოვთან. გრაჩოვი ფიქრობდა, რომ კიტოვანის დახმარებით საქართველოს დსთ-ში შეიყვანდა. იოსელიანი კი სხვა ტიპის ადამიანი იყო.

ე.ზ. – როგორი?

ს.ლ. – მაგალითად, იოსელიანი თვლიდა რომ შევარდნაძე საქართველოს სჭირდება, სიგუა და კიტოვანი კი მისი საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყვნენ. მას შემდეგ, რაც ხუთი საათი შევარდნაძემ და კიტოვანმა მოსკოვში ისაუბრეს, კიტოვანი მეგობარი გახდა, აზრი შეიცვალა. იოსელიანმა, როცა ვკითხე, რაში გჭირდებოდათ მეთქი შევი (შევარდნაძე-“თაიმერი”), მიპასუხა: “ხომ იცი ჩვენ ვინც ვართ. რაღაცას უნდა ამოვეფაროთ”. მე ვუთხარი: “თავს დაიღუპავთ”. მაგრამ ის მაინც თვლიდა, რომ შევარდნაძე მათ ფასადად სჭირდებოდათ, რადგანაც მას მსოფლიო იცნობდა, მათ კი არავინ იცნობდა. “ხომ იცი ჩვენი ბიოგრაფია” – მითხრა იოსელიანმა. აი, ასე მსჯელობდა. ნაწილობრივ, ეს კრიმინალური ხელისუფლება იყო და იქ კრიმინალური რევოლუცია მოხდა. გამსახურია, ცხადია, სრულიად სხვა გარემოდან იყო, ინტელიგენტების ოჯახიდან, მწერლის შვილი, მაგრამ რომანტიკულმა ნაციონალიზმმა გაიტაცა. შემდეგ კი, როცა რეალობას შეეჯახა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. ვფიქრობ, რომ ასეთივე ეროვნულ რომანტიკოსად დარჩა. მასთან გარკვეული კონტაქტები იყო, ზოგჯერ მას აფხაზეთიდან დახმარება სჭირდებოდა. წარმოიდგინეთ, ადამიანი ამბობს, რომ აფხაზები, როგორც ასეთი, არ არსებობდნენ, შემდეგ უცებ აფხაზურად დაიწყო ლაპარაკი. მან 1993 წელს, შუა ომის დროს, აფხაზურ ენაზე გააკეთა მოწოდება.

ე.ზ. – რაში მდგომარეობდა მისი მოწოდება?

ს.ლ. – ის ამბობდა, რომ ჩვენ ძმები ვართ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რომ შევარდნაძე უზურპატორია და სხვა. როგორც ვხვდები, მას სამეგრელოს ფარგლებში ბუფერული სახელმწიფოს იდეა შესთავაზეს, მას კი მთელი საქართველო უნდოდა. მაშინ კი, როდესაც შევარდნაძე მიხვდა რაშიც იყო საქმე, დსთ-ში შესვლაზე თანხმობა განაცხადა. ამ დროს რუსული ბაზები მას დაეხმარნენ და ის დსთ-ში შევიდა. ორ წელიწადში, 1996 წელს რუსეთის პოზიციები დასუსტდა და ის ისევ უკან გამოვიდა. გახსოვთ, მასზე თავდასხმა რომ მოხდა? მაშინ ამაში გიორგაძე დაადანაშაულეს, შემდეგ გიორგაძე წავიდა, იყო ასეთი ნადიბაიძე, თავდაცვის მინისტრი, ისინი პრორუსულებად ითვლებოდნენ. გავლენის სფეროების გაყოფა მიდიოდა.

 საინფორმაციო  სააგენტო “თაიმერი”

banner
წინა სტატიაშინუკრი ესართიამ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია“ომეგა ჯგუფის საქმე” – საია ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობას ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს