ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ პარტიის რიგები და თანამდებობები დატოვეს

პარტია „ქართული ოცნების“ რიგები და თანამდებობა დატოვა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაგა ღამბაშიძემ. მან ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

ღამბაშიძემ „ქართული ოცნების“ რიგების დატოვების მოტივად გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან ღიად საუბარი დაასახელა, რაზეც, პარტიული კუთვნილების პირობებში, თავს იკავებდა.

„მეგობრებო, რამდენიმე დღის ნაფიქრი გადაწყვეტილების შესახებ მინდა გითხრათ: ჩემი ქართული ოცნება ერთიანი, თავისუფალი და ამაყი, ევროპული ოჯახის წევრი საქართველოა, რომელსაც არ ეყოლება მითითების და დირექტივის გარედან მიმცემი, რომელსაც არ ეყოლება მჩაგვრელი, – დაბრუნებული ექნება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყანა, სადაც დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ქვეყანა, რომელსაც ეყოლება მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შტატებიდან დაწყებული, დამთავრებული დასავლური სამყაროს ყველაზე პატარა სახელმწიფოთი.

ამ ჩემს ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრ მიშა ყაველაშვილს. პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია. რატომ? მაგალითად, საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით – აქ არაფერი მომხდარა?

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება საბჭოთა, რუსულ წარსულში და არასდროს შეეგუება სიტუაციას, სადაც ცეკას მდივნები თუ ინსტრუქტორები, რუსეთიდან იძლეოდნენ დავალებებს. ოკუპაციის და ათასი უბედურების, ორასწლიანი ჩაგვრის გარდა, ამ დირექტივების გამოც არ უყვართ რუსეთი ამ ქვეყანაში.

ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგანაც ვერ მივიღებთ…!!!

ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამოვეყო ჩემს, „ქართული ოცნების“ გუნდს, სადაც გულს და სულს ვტოვებ და ხვალიდან უფრო თავისუფლად ვილაპარაკო მსგავს თემებზე. ალბათ ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით.

რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები! ამიტომ, მეც მივმართავ ქალბატონ ელჩს, დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს. მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოსა და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!

თუ კი ვინმეს მუნიციპალიტეტებიდან სურვილი აქვს, შემომიერთდეს – მოხარული ვიქნები, თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების – ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა.

და ბოლოს, ნამდვილად მჯერა, რომ გუნდიდან გასვლით უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და თუნდაც იმავე „ქართული ოცნების“ გუნდს, რომლის წინააღმდეგ ნამდვილად არ ვაპირებ წასვლას. უბრალოდ, ფრაქციიდან გასული პარლამენტარების მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ ხალხს უფრო ღია ტექსტებით და მეტი სიმართლე უნდა ველაპარაკოთ!“, – წერს გაგა ღამბაშიძე სოციალურ ქსელში.

თანამდებობა და პარტიის რიგები დატოვა ჭიათურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ამ გადაწყვეტილებით საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობის პრობლემა არ ექმნება.

„ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ, მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის. იმედია, არ მიწყენენ. ჩემი აზრით, ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება, ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, – წერს ნიკა სამხარაძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა სამხედროებმა, ომის დაწყების შემდეგ, 37 400-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა – გაბუნია