ლადო პაპავა – ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს

ყველაფერი სახელმწიფოში დამკვიდრებული მავნებლური კოჰაბიტაციის შედეგია, – ასე აფასებს გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თსუ-ში განვითარებულ პროცესებს, უნივერსიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი რექტორი ლადო პაპავა.

პაპავას განმარტებით, ”ქვეყანაში განვითარებული პროცესები, როდესაც ვერ გაიგებდი, ხელისუფლებაში ”ქართული ოცნება” იყო თუ ”ნაციონალური მოძრაობა”, უნივერსიტეტზეც ერთი ერთში აისახა”.

”დიახ, ეს ყველაფერი მართული იყო იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დღემდე სამთავრობო სტრუქტურებში მყუდროდ არიან მოკალათებულნი, თუმცა ეს ის ინფორმაციაა, რის გასაჯაროებასაც ამ ეტაპზე მოვერიდები. მოვა დრო და ამ ყველაფერზე აუცილებლად ვისაუბრებ. 2013 წელს უნივერსიტეტში ისტორიული არჩევნები ჩატარდა. მართალია, ამ პერიოდში პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილი გახლდათ, მაგრამ სხვადასხვა სტრუქტურები მას აღარ ემორჩილებოდნენ. ამასთან, ”ქართული ოცნება” ეიფორიაში იყო, ხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლები კი ახალ პატრონს ეძებდნენ და მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სწორედ ამან განაპირობა, რომ უნივერსიტეტში მოსულიყო კაცი, რომელიც დამოუკიდებელად იმოქმედებდა და ზეწოლას არასოდეს დაექვემდებარებოდა. მსგავსი ისტორიული არჩევნები უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, მხოლოდ სამჯერ ჩატარდა, პირველად, როდესაც პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს რექტორად, მეორედ – ივანე ჯავახიშვილი, მესამე კი, რიგით 28-ე რექტორი, მე აღმოვჩნდი. დანარჩენი რექტორები სამთავრობო ინტერესებიდან გამომდინარე ინიშნებოდნენ, ან ჯერ ინიშნებოდნენ და მხოლოდ მერე აირჩეოდნენ”, – აცხადებს პაპავა.

მისივე თქმით, ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ იგრძნო, როდესაც შეიტყო, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა, რომელსაც პაპავას აზრით, ჩინოვნიკები ლობირებდნენ.

”თუმცა ამაზე მეტს დღეს ვერ ვიტყვი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ”ქართული ოცნების” მთავრობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ოდესმე ლიცენზიას თუ გასცემდა. ვერც იმას დავიჯერებდი, რომ კონკრეტულ ბიზნესს ამ მასშტაბის მხარდაჭერა ექნებოდა. მაშინ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა სტუდენტებმაც გააპროტესტეს და საბედნიეროდ, ეს პროცესი შეჩერდა.

მორიგი ზეწოლა კანცლერის არჩევნების წინ დაიწყო, ბევრს ვერ ვისაუბრებ, თუმცა ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში რექტორისგან დამოუკიდებელი ბინძური თამაში წამოიწყეს”, – აღნიშნავს ლადო პაპავა.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს