“ლადო ბედუკაძეს ჰქონდა ურთიერთობა იმ დროისთვის დაკავებულ თამაზ თამაზაშვილთან” – ადეიშვილთან თათბირის დეტალები – რას იხსენებს ჩხატარაშვილი?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 4, 2016 14:11

“ლადო ბედუკაძეს ჰქონდა ურთიერთობა იმ დროისთვის დაკავებულ თამაზ თამაზაშვილთან” – ადეიშვილთან თათბირის დეტალები – რას იხსენებს ჩხატარაშვილი?

წამების, არაადამიანური მოპყრობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქმეზე ბრალდებულები იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა არიან. მოწმის სტატუსით დაიკითხა მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიებას ჰქონდა ვერსია, რომ წამების კადრების გადაღება ორგანიზებული იყო იმჟამინდელი ოპოზიციის მიერ, თუმცა ამის მტკიცებულება იმ დროისთვის არ არსებობდა. ჩხატარაშვილმა ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა:

„შეხვედრა გვქონდა ზურაბ ადეიშვილთან, რომელსაც ვესწრებოდით მე და დავით ჭაკუა. ზურაბ ადეიშვილი იყო გაბრაზებული, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო სტრუქტურას ჰქონდა ციხეში წამების კადრები, აქამდე, როდესაც გვქონდა თათბირები, მუდმივად იყო საუბარი, რომ არსებობდა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით და მუდმივად იყო მოწოდება სასჯელაღსრულების წარმომადგენლების მიმართ, რომ აღნიშნულ ინფორმაციებზე მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება. ამიტომაც ზურაბ ადეიშვილი იყო გაბრაზებული, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებობდა წამების კადრები და დაგვევალა მე და დავით ჭაკუას შესაბამისი ზომების გატარება წამების კადრების გამოსავლენად“, – განაცხადა დავით ჩხატარაშვილმა.

ჩხატარაშვილის განცხადებით, შესაბამისი ზომების გატარების შემდეგ მოპოვებული იქნა ინფორმაცია, რომ წამების კადრების გადაღება ხდებოდა ვლადიმერ ბედუკაძის მიერ, რომელმაც გაიტანა ქვეყნიდან აღნიშნული კადრები. ასევე ჩხატარაშვილმა დაასახელა ”ბასტი და ბუბუ” და აღნიშნა, რომ მათი სახელები არ იცოდა.

„ასევე მოვიპოვეთ ინფორმაცია კადრების შინაარსის შესახებ და ჭაკუამ ასევე მომაწოდა ინფორმაცია, რომ ლადო ბედუკაძეს ჰქონდა ურთიერთობა იმ დროისთვის დაკავებულ თამაზ თამაზაშვილთან. ასევე სხვა პატიმართან ჰქონდა ნალაპარაკევი, რომ წამების კადრების გამოქვეყნებას წინასაარჩევნოდ გეგმავდა. ყველა ეს ინფორმაცია მივაწოდეთ მომდევნო თათბირზე იუსტიციის მინისტრს და დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიება. კერძოდ, უნდა მისცემოდა დავალება კონკრეტულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიმე პატიმრის ცემა და ამის გადაღება უნდა მომხდარიყო, რათა გამოძიებას ჰქონოდა კონკრეტული მტკიცებულებები პატიმრების წამებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განკარგულების შესრულება დაევალა დავით ჭაკუას და მან მეორე დღეს დამირეკა და მომახსენა, რომ დავალება შესრულებული იყო. ამის შემდეგ პროკურატურის მიერ დაკავებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაახლოებით ათამდე თანამშრომელი, მათ შორის, მაღალჩინოსნები“, – განაცხადა დავით ჩხატარაშვილმა. ჩხატარაშვილის განცხადებით, თათბირზე არ იყო ნათქვამი რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული კადრების გადაღების ორგანიზება და ჰქონდა თუ არა მას პოლიტიკური დატვირთვა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 4, 2016 14:11