ლადო აფხაზავა : ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები

ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს, – ამ სიტყვებით შეაფასა მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულმა ლადო აფხაზავამ 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში გადასვლა. იგი მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.

„ძალიან გახარებული ვარ და ვულოცავ ლადოს ამ წარმატებას! იყო მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის ეს უკვე გამარჯვებაა, არამხოლოდ ლადოსთვის არამედ სრულიად საქართველოსთვის! – განაცხადა საქართველოში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაარსების იდეის ავტორმა, კოალიციის “განათლება ყველასათვის” გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. მის შთამბეჭდავ საქმიანობას შორისაა პროგრამა „დემოკრატიული რევოლუცია“ , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ლადო 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება.

“მასწავლებლის გლობალური ჯილდო” 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.

banner
წინა სტატიაშიგადადგომის მიუხედავად, ხაზარაძე მზადაა 26 თებერვალს, პარლამენტში მივიდეს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს…ახლა ჩვენი ვალია ყველამ ერთად დავიცვათ ანაკლია…