კვლევის თანახმად, 11 მოსამართლის დიპლომი კითხვის ნიშნის ქვეშაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 299 მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და სხვა მონაცემების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 11 მოსამართლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა ან/და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.

როგორც კვლევის ავტორი, პროექტის კოორდინატორი კარლო ნიკოლეიშვილი აცხადებს, 11 მოსამართლიდან 5-ის შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადასტურა არათუ მაგისტრთან გათანაბრების, არამედ უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.

კვლევის მიხედვით, ორი მოსამართლის განათლების საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია.

„მოსამართლე მაია გიგაურის დიპლომთან დაკავშირებით თსუ-ის განმარტებით, ხელოვნებისა და ჰუმაბიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, რომელზეც მოსამართლე სწავლობდა, არ ითვალისწუნებდა კვალიფიკაციისა ან ხარისხის მინიჭებას. რაც შეეხება მეორე მოსამართლეს, ანაიტ ოგანესიანმა წარმოდგენილი დიპლომით, 1997 წელს დაასრულა ერევნის ეკონომიკური-იურიდიული ფაკულტეტი. თავად უნივერსიტეტი კი სომხეთის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღიარებული იყო 2001 წლიდან. ამ თარიღამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ წაროადგენდა სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს და არ იყო აღიარებული სომხეთის რესპუბლიკაში. ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარის მიუხედავად, 11-ვე მოსამართლემ: მაკა გველესიანმა, ლევან გელოვანმა, ინდირა მაშანეიშვილმა, დავით ნარიმანიშვილმა, მადონა მაისურაძემ, არარატ ესოიანმა, მაია გიგაურმა, ნინო ბუაჩიძემ, ანაიტ ოგანესიანმა, დავით სვანაძემ და მაკა ჭედიამ, სასამართლოს გზით გადაწყვიტა დიპლომების დადასტურება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება და სასურველ შედეგსაც მიაღწია – სასამართლომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაავალა, სადავო დიპლომები მაგისტრის ხარისხთან შესაბამისად ეცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ 11-მა მოსამართლემ საკუთარი უმაღლესი განათლების ხარისხი სასამართლოს საშუალებით შეუსაბამა მოსამართლეობისთვის საჭირო საკანონმდებლო მოთხოვნას“, – ნათქვამია კვლევაში.

banner
წინა სტატიაშიჯარისკაცების დამამცირებელი მოპყრობა – ბრალდებულებს საქალაქომ პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა “ინსტაგრამზე” გვერდი გახსნა