კვლევამ დაადასტურა, რომ ოპოზიცია 2020 წელს სახლში გაუშვებს ივანიშვილს – ოპოზიცია IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს

IRI-ის პოლიტიკური კვლევის შედეგებს, რომელიც “კურიერმა” გაასაჯაროვა, „ევროპულ საქართველოში“ ეხმაურებიან.

პარტიაში ამბობენ, რომ გამოკითხვის შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“ ის რომ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ ჩატარებულიყო.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა დაკარგა ნდობა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ახლა რომ ტარდებოდეს არჩევნები „ქართული ოცნება“ დამარცხდებოდა.

„ამ კვლევამ აჩვენა , რომ ძალიან მძიმე სურათია ბიძინა ივანიშვილისთვის და ხალხს მოსწყინდა მოღალატე და მავნებელი ხელისუფლება. ველი ჩატარებულია გავრილოვის ამბებამდე რაც ნიშნავს იმას რომ ახლა რომ ჩატარებულიყო კვლევა კიდევ უფრო მძიმე სურათი იქნებოდა. ამ კვლევამ გამოაჩინა, რომ ჩვენს კოალიციას „ევროპულ საქართველოს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვს ზრდა წინა კვლევასთან შედარებით. ამ კვლევამ გამოაჩინა, რომ დავით ბაქრაძემ, ამ კოალიციის ლიდერს აქვს პოლიტიკოსებიდან ყველაზე მაღალი ნდობა. და კიდევ ერთი მთავარი, რომ პროპორციული სისტემის პირობებში ოპოზიცია 2020 წელს აუცილებლად დაამარცხებს და სახლში გაუშვებს ბიძინა ივანიშვილს,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კვლევას ეხმაურება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერიც. შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი კრიტიკულად დაბალია. მისივე თქმით, კიდევ უფრო დაბალი რეიტინგი ექნებოდა მმართველ პარტიას, კვლევა 20 ივლისის შემდეგ რომ ჩატარებულიყო.

„ეს მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” მთელი თავისი 7 წლიანი საქმიანობით ძალიან ნეგატიურად არის შეფასებული საზოგადოების მხრიდან. რასაც დაემატება განსაკუთრებით ეს ბოლო მოვლენები 20-21 ივნისის ღამის და იქ წინმსწრები მოვლენები. გავრილოვის ჩამობრძანება აქ და დიდი ზარ-ზეიმით დახვედრა ხელისუფლების მხრიდან და საბოლოოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლებას არ ექნება არავითარი მხარდაჭერა,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ.

“კურიერმა” მოიპოვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ IRI არ გაუსაჯაროებია და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო. კვლევა 15 ივნისამდე, გავრილოვის ღამემდე 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერა 26% არ აღემატება. მაშინ, როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. “პატრიოტთა ალიანსის” 5%, “ლეიბორისტული პარტიისა” ასევე 5%. დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. თუმცა ამ მონაცემებით, ოპოზიციური ხმები უკვე 39%-ს აღწევს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია„ნებისმიერი კვლევის შედეგების პასუხი არის არჩევნები”- “ოცნება” IRI-ის პოლიტიკური კვლევის შედეგებს აფასებს