ამომრჩეველმა არა ყალბ ციფრებს, არამედ ობიექტურ რეალობას უნდა შეხედოს და მშვიდობა ხელიდან არ უნდა გაუშვას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე წერს, რითიც ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიის, „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებს ეხმიანება.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, კვლევა რეალურ ვითარებას კი არ ასახავს, არამედ მისი მიზანია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის.
„„ედისონ რისერჩის“ კვლევა ობიექტურ რეალობას კი არ ასახავს, არამედ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ემსახურება, რომ თითქოს ოპოზიციას არჩევნები გაუყალბეს და ქუჩაში გამოსვლა იქნება საჭირო. ეს კვლევები არა 26, არამედ 27 ოქტომბერზეა გათვლილი. საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ომის, სანქციებისა და ჩარტერებით უკრაინაში მეომრების გაგზავნის საწინააღმდეგოდ მყარად ჩამოყალიბდა, სწორედ ამიტომ უარყო ოპოზიციამ, რომ, სულ მცირე, ხნის წინ ჯიუტად უჭერდა მხარს ომსაც და სანქციებსაც. უფრო მეტიც, საქართველოდან უკრაინაში იარაღიც უნდა გაგვეგზავნა და აფხაზეთსაც დავსხმოდით თავს. ამიტომ ამომრჩეველმა არა ყალბ ციფრებს, არამედ ობიექტურ რეალობას უნდა შეხედოს და მშვიდობა ხელიდან არ უნდა გაუშვას. მშვიდობის გარანტი დღეს მხოლოდ „ქართული ოცნებაა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.