საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განვითარებაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა 5%-ია, ინფლაცია 3%, ბიუჯეტის დეფიციტი 2.5%, ხოლო მთავრობის ვალი 31.6%, რაც სამეზობლოში და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია.
რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ და 555 ლარი გახდება, იმავე ასაკობრივი კატეგორიის პირებს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, პენსია 665 ლარი გაუხდებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი, პენსია 20 ლარით მოიმატებს.
„იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში. ეს არის წინასწარი“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში 5 ოქტომბრიდან დაიწყება.
„პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება, დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, ეს ბიუჯეტი არის პირველადი და გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენისას“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.








