კვირიკაშვილს ალავიძე შეცვლის?!

თუ არ ჩავთვლით თამაზ მეჭიაურის და ზაქარია ქუცნაშვილის „ჭიდაობას“ სასამართლო „არენაზე“, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების ციებ-ცხელება ასე თუ ისე მშვიდობიანად „შევიდა კარავში“. მეჭიაურმა ორ კვირაში ექვსგზის დაუმტკიცა „ქართულ ოცნებას“ ქუცნაშვილი „რა კაცია“.  თავის მხრივ ალბათ ქუცნაშვილიც მიხვდა ერთი ხმა მხოლოდ ხმა რომ არ არის და სწორედ ერთი ხმა წყვეტს არჩევნების (და არა მხოლოდ) ბედს! ქუცნაშვილს სხვა გზა არა აქვს, მეშვიდედ უნდა გავიდეს „ვატერლოოს  ველზე“ – კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს სასამართლოს. ამასობაში „ქართული ოცნება“ აზრზე მოვა, ან არ მოვა და ზაქრო მმართველ პარტიაში ან იქნება ან – არა. მოკლედ, მალე გავიგებთ ჰეგემონიის ციხესიმაგრის კვარცხლბეკიდან ვისი ბიუსტი (ძეგლი) დაეშვება ფსკერისკენ. მეჭიაური ერთ ხმას ებღაუჭება, ქუცნაშვილი და მისი პროტეჟე კანდიდატიც იმ ერთ ხმას მისტირის, ეს ხელისგულზე დევს, თვალს ვადევნებთ, ვხედავთ და ვაფასებთ.

სცენას აქვს კულისებიც, ახლა ქუცნაშვილისთვის არავის სცალია, ახლა ყველა თავისი სკამის გადასარჩენად იბრძვის. დიახ, ტექნიკა კი არა, კადრები წყვეტენ ყველაფერს და საპარლამენტო, საპრეზიდენტოც, არჩევნები კარსაა მომდგარი, ამიტომ  „ბღუჯა-ბღუჯა“ დაპირებების ამარა დარჩენილი ხელისუფლება, საბოლოოდ გაფართხალებას რომ გადარჩეს, კარგად დაობებული მეთოდით აპირებს საარჩევნო ყუთთან სულის წაწყმენდას. დიახ, წაწყმენდას! მაშინ, როცა მოსახლეობის მხოლოდ 30-35% მიდის არჩევნებზე, ეს გამარჯვება არაა!

ზაქარია ქუცნაშვილმა  „სამართლიანობა საზოგადოებაში შექმნილ კონიუნქტურას ემსხვერპლა“-ო, დიმიტრი ქუმსიშვილმა: „ძალიან ბევრჯერ დაისვა კითხვა, თუ ვინ აჩენს მოლოდინებს, უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში? პასუხი არის ძალიან მარტივი: მოდით, ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს თავის Facebook-ის გვერდზე და, შესაბამისად, პასუხსაც ვნახავთ. მე არა მგონია, რომ ჩვენ სხვაგან მოვძებნოთ უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყარო, რაც ძალიან სამწუხაროა“.

მართალია, ხალხში უარყოფით მოლოდინებს სოციალური ქსელი „ფეისბუკი“ აჩენს, მაგრამ მაინც – მალე საკადრო კარუსელი დატრიალდება. ძველებს გააცილებენ ბიზნესსა თუ კერძო სექტორში (სასწავლებლად მხოლოდ მიშა უშვებდა), მოიყვანენ ახლებს (კარგად დავიწყებულ ძველებს) და „სოფელიც აშენდება“.

შესავალი ვრცელი გამოგვივიდა. ახლა მთავარი: როგორც ამბობენ მალე საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ეყოლება. საქმე ისაა, რომ შოთაძის წასვლა ახლადმიღებული კონსტიტუციის „ბრალია“. ახალი კონსტიტუციით პროკურატურა სხვა სისტემაზე გადადის და იქ უკვე  სხვა დებულება მოქმედებს. შოთაძის „მეორე წრეზე“ წასვლას არ კრძალავს კონსტიტუცია, მაგრამ მთავარი პროკურორის სავარძლისაკენ, როგორც ამბობენ თვალი (ყურიც და სულიც), უჭირავს დეპუტატ მამუკა მდინარაძეს. „ოცნების“ სინამდვილეში, მდინარაძე მეორე ადვოკატი იქნება, რომელიც ამ სავარძელს დაიკავებს (თუ დანიშნავენ). მამუკა მდინარაძე არჩილ კბილაშვილი არაა, მაგალითად, ქოლგა იყიდოს ბიუჯეტის ხარჯზე (როგორც ეს კბილაშვილმა გააკეთა). კბილაშვილი „პირველი ცოცხი“ იყო და როგორც შეძლო ისე გვიდა, მდინარაძე უფრო პრაქტიკოსია, მან „დაგვა“ კარგა ხნის წინ დაიწყო. როგორც „ბოროტი ხმები“ ამბობენ (არა მხოლოდ სოციალურ ქსელში), მდინარაძე „ერთ დროს“ „ბოტასიჩთან“ (ოთარ ფარცხალაძე) საქმეების „ჩაწყობით“ იყო დაკავებული. „ბოროტ ხმებს“ თუ დავუჯერებთ შუამავლის „წყალობის“ თვალი წვდებოდა  მხოლოდ „მსხვილ საქმეებს“ და შესაბამისად, „სავსე ჯიბის“ პატრონს. ამგვარად მოგვარდა „იქ, ზემოთ“ „ბოტასიჩთან“ რამდენიმე ნაცპარტიის „ცნობადი სახის“ საქმე, მათ შორისაა კეზერა, კოდუა და ა.შ. სხვათა შორის, მდინარაძის დამსახურებაა საქართველოდან გაქცეული, ცნობილი ნაცი ვანო ზარდიაშვილი ტრიუმფით რომ დაბრუნდა სამშობლოში. ვისაც დეტალები დააინტერესებს ზარდიაშვილის შესახებ, ჯეჯელავას თქმისა არ იყოს, დაგუგლოს და გაერკვევა, ფართო საზოგადოებას კი დღემდე ინტერესი კლავს როგორ მოახერხა ზარდიაშვილმა თბილისში, მხოლოდ სააკაძის მოედანზე ხუთი (სიმბოლურია, არა?) ბინის ყიდვა და როგორ ახერხებს რომ დღემდე წარმატებით „შეინახა“ ერთ-ერთ უნივერსიტეტში (სააკაძის მოედანს ვერ გასცდა) უდესიანის კლანის „ზონდერბრიგადა“, რომლებიც ხან სად ამოყოფენ სამართლიანობის „ეგიდით“ თავს და ხან სად.

შემდეგი საკადრო ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეხება, მღებრიშვილს ტაბატაძე შეცვლის. ქუმსიშვილისაგან „ვეტოდადებულ“ ფეისბუკში, რამდენიმე ე.წ. ცნობადი სახე უკვე ღიად, მაგრამ შეფარვით (გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეაო) უპირისპირდება ალეკო ტაბატაძეს – სადაც ხარ იქ დაეტიეო. ეს არცაა გასაკვირი, ყველაზე მეტს ისინი ყვირიან ვისაც ცოტა ხნის წინ მღებრიშვილმა ოცნება აუხდინა, მაგალითად, ძმის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება დახია, ან რამე ამდაგვარი. ალეკო ტაბატაძის მთავარი „ნაკლი“ „შევარდნაძის დროა“, თითქოს სხვები 2003 წლის შემდეგ დაბადებულიყვნენ.

შემდეგი საკადრო ცვლილება შეეხება ჯეჯელავას. განათლების მინისტრი უკვე შეგუებულია „უსკამოდ“ დარჩენას. არა, განა „ტაბურეტკაზე“ გადასვამენ, ბოლოს და ბოლოს,  მთელი საარჩევნო პიარკამპანია ჯეჯემ ჩაატარ-გაატარა (ავად თუ კარგად, ეს სხვა თემაა) და საკუთარი ბიზნესიც მშვენივრად ააწყო, მაგრამ მინისტრი რომ არ იქნება და თავის მეგობარი კვირიკაშვილი ვერ დაიცავს, ამაზე უკვე არავინ დავობს. ჯეჯეს მსგავსად კომბალი მოხვდება პრემიერს. ამბობენ კვირიკაშვილი პრეზიდენტობას უმიზნებსო, თუმცა პრეზიდენტის სავარძლისთვის „იმეტებენ“ ზაზა ფაჩულიასაც, რომელიც ჯერ მხოლოდ 33 წლისაა. არადა, მშვენიერი „ტანდემი“ გამოვიდოდა, პრეზიდენტი კალათბურთელი, თბილისის მერი ფეხბურთელი.

კვირიკაშვილი პრემიერობას რომ გამოეთხოვებოდა, ამის შესახებ საუბარი, კარგა ხნის წინ დაიწყო. აქსიომა პოლიტიკაში არ არსებობს, ამიტომ დადასტურებულად ექსპერტებსაც კი (საქართველოში ხომ ყოველი მეორე ექსპერტია) უჭირთ საუბარი. ჩვენი ინფორმაციით კი პრემიერის „მანტიისაკენ“ თვალი მოქმედ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს უჭირავს. ალავიძე – ნაციონალების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი იყო. მან საკუთარი ინიციატივით, ნებაყოფლობით, 2012 წლის ივლისში, 35 ათასი ლარი უფეშქაშა. აღსანიშნავია, რომ ალავიძის გვარი და კომპანია „დარიალ ენერჯი“  რამდენიმე მნიშვნელოვან კვლევაში ფიგურირებს. 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივა“ გამოაქყვენა ანგარიში _ „ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები“, რომელიც ეხება კორუფციულ სქემებს ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში. კვლევაში დეტალურად არის აღწერილი ის ქმედებები, რომელსაც სახელმწიფომ მისთვის სასურველი კომპანიებისთვის ახორციელებდა. ალავიძის დღვანდელი „საქმენი საგმირონის“ შესახებ არა ერთხელ დაიწერა და ითქვა. ბოლო ინფორმაცია, ერთ-ერთი ტენდერის შესახებ „თაიმერმა“ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა (იხ. ბმული http://www.timer.ge/inprastruqturis-saministro-erovnul-shughls-aghvivebs/ ) . და, მიუხედავად ამისა, ალავიძე მაინც ხელშეუხებელია, მეტიც, პრემიერობაზე ოცნებობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე ყველამ იცის, რომ „შეფი მალე წინ წავა“ და ისიც იციან „წინ გადამჯდარი“ სამინისტროდან ვის წაიყვანს.

მოკლედ, მალე „სალხინეთში აურზაური დაიწყება“ და ეს არ მოიცავს მხოლოდ სოციალურ ქსელს… ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები.

 

ბერდია კალანდია

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიოსწავლეების მოწამვლის გამო ქუთაისში კვების ობიექტი დახურეს
შემდეგი სტატიაშსს-სთან გამართულ აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს