კვირიკაშვილის კორუფციული ჭაობი – ,,სტავკები,, და სქემები  

ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების,, მოსვლის შემდეგ, ოპონენტებს მმართველ ძალასთან, კორუფციისა და ნეპოტიზმის თაობაზე შენიშვნები მუდმივად ჰქონდათ… თუმცა, კორუფციის,  უმოქმედობისა და უნიათობის ისეთი ჭაობი, რომელიც ივანიშვილის ხელდასმით გაპრემიერებულმა გიორგი კვირიკაშვილმა შექმნა, ლეონიდ ბრეჟნევის საბჭოთა უძრაობის პერიოდსაც კი შეშურდება.  ეს ჭაობი ამ მომენტისთვის იმდენად ყარს, რომ მისმა ,,არომატმა,, როგორც ჩანს ,,ოცნების,, შიგნით დარჩენილი, ამ დრომდე გაუსვრელი პერსონებიც  შეაწუხა, რის გამოც კორუმპირებულთა საქმიანობის შესახებ სარწმუნო ინფორმაციამ გაჟონვა დაიწყო. კულუარებში უკვე ალაპარაკდნენ, რომ ასე, დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია.

,,თაიმერის,, კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, კვრიკაშვილის მთავრობაში, კორუფციის თვალსაზრისით, ლიდერი – სოფლის  მეურნეობის სამინისტროა… და ეს, იმ პირობებში, როდესაც თავად მინისტრი (როგორც წყარო აცხადებს), კორუფციულ სქემების დალაგებაში ჩართული არ არის.

,,ლევან დავითაშვილი ნომინალური მინისტრია, რომელიც კონკრეტულად არაფერს არ წყვეტს. მას ისე მართავენ, რომ არაფერს ეკითხებიან, თუმცა, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, პასუხისგება თავის სამინისტროზე – მას თავად მოუწევს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თავისი ხალხის მეშვეობით, სრულად აკონტროლებს დავით კირვალიძე, რომელიც ერთი წლის უკან პრემიერმა კვირიკაშვილმა,  სოფლის მეურნეობის საკითხებში მრჩევლად დანიშნა. ის, შევარდნაძის დროინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრია, რომელიც ივანიშვილის პრემიერობისას, მთავრობაში იგივე თანამდებობაზე იყო და კორუფციული სკანდალის გამო გაანთავისუფლეს. კირვალიძემ, კვირიკაშვილის მრჩევლად დანიშვნიდან მოკლე დროში, შესძლო, რომ სამინისტროში დაებრუნებინა მისი კორუფციული ჯგუფის წევრები: გიორგი ჩხეიძე, ზურაბ ჩეკურიშვილი, გენადი კერძევაძე, არჩილ ბუკია, ნუგზარ ფირანიშვილი და სხვები. ის ხალხი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, 2013 წელს კირვალიძის გაგდების შემდეგ, თანდათან უკან მიაყოლეს მას. დაბრუნების შემდეგ კი – ეს პირები, ისევ კორუფციაში ჩაებნენ და  ყველაფერზე ,,სტავკები,,  დააწესეს,, აცხადებს ,,თაიმერის,, წყარო, რომელიც ჩინოვნიკების მხრიდან ,,ატკატის,, სახით მოთხოვნილი თანხების ოდენობასაც გვისახელებს.

,,ჩემთვის ცნობილია, რომ მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძეს, რომელიც მელიორაციისა და პროექტების მართვის დეპარტამენტებს აკონტროლებს,  მელიორაციის დირექტორ ბუკიასთან ერთად, პროექტებიდან 20%-ანი  ,,ატკატი,, აქვს დაწესებული. ხოლო პროექტების მართვის სააგენტოდან გაცემულ ყოველ გრანტზე, ჩხეიძე სრულ 40%-ს ითხოვს. რაც შეეხება, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომლის უფროსიც ჩეკურიშვილი გახლავთ, ის ფირანიშვილთან ერთად ცხვრის და საქონლის იმპორტ-ექსპორტზე ,,ზის,, და ამ სფეროშიც ,,სტავკები,, აქვთ დაწესებული –  თან დოლარებში… მაგალითისთვის, თითო ცხვარზე 3-დან 5 დოლარამდეა გადასახდელი,  ცხვრების საერთო რაოდენობის მიხედვით.

ამ ხალხს ახლა ფაროსანასთან ბრძოლისთვის გამოყოფილ თანხებზეც უჭირავთ თვალი… პირველ რიგში უნდათ, რომ შხამ-ქიმიკატებისთვის გამოყოფილი თანხები დაითრიონ და თავიანთ კომპანიებს შემოატანინონ.

კირვალიძე იმდენად არის დახარბებული სამინისტროდან კორუფციული გზით მიღებულ ფულს, რომ მან ამ თანხებს კონტროლიორად, საკუთარი დეიდაშვილი  -გიორგი იაკობაშვილი მიუჩინა, რომელიც ასევე, სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაანიშნინა მინისტრს. რა თქმა უნდა ეს თანხები მხოლოდ კირვალიძისა და ამ ხალხის ჯიბეში არ მიდის და როგორც ჩანს მნიშვნელოვანი ნაწილი, პირამიდის სათავეში მყოფ პრემიერთან მიაქვთ,, აცხადებს ,,თაიმერთან,, საუბრისას,  სამინისტროსთან დაახლოებული  წყარო.

როგორც მიღებული ინფორმაციებიდან ჩანს, სოფლის მეურნეობის მინისტროში, ბოლო დროს კორუფცია და სისულელე ერთმანეთშია აზელლი. მინისტრი დავითაშვილი კი –  საკუთარი თანამდებობისა და  შექმნილი სიტუაციის მიმართ აშკარად არაადეკვატურია… მის მიერ 2 დღის უკან გაკეთებული, მოსახლეობისათვის გამაღეზიანებელი განცხადება, რომ ,,ფაროსანა უბრალოდ მწერია და მასზე ამხელა ყურადღება გადაჭარბებულია,, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის არაადეკვატურობას, რამე თუ, ამ მწერის მიერ ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის მიყენებულმა ზარალმა, გასულ 2017 წელს, ოფიციალური მონაცემებით – 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა… აშშ-ს სოფლის მეურნეობა კი, აზიურმა ფაროსანამ 2010-2013 წლებში – 21 მილიარდი დოლარით აზარალა, რაც ამ მწერის გამანადგურებელ მასშტაბებზე მიუთითებს. როგორც ჩანს, მინისტრი მხოლოდ იმას ამოსძახებს, რასაც მას კვირიკაშვილი და კირვალიძე ჩასძახებენ.

რაც შეეხება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, მას  ბოლო დროს აშკარად მიზანში ჰყავს ამოღებული სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი და ამჟამად პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე – ოთარ დანელია. დანელიაზე ,,წერტილოვან დარტყმებს,, კვირიკაშვილის ბიზნეს-პარტნიორი,  ტენდერებისა და გუბერნატორების ,,გაიასნებით,, დაკავებული, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ზურაბ ალავიძე და პრემიერის სხვა უფრო დაბალი რანგის ხელქვეითები ანხორციელებენ, პრემიერისვე დავალებით. შესაძლებელია კვირიკაშვილს დანელია იმდენად არ ანაღვლებდეს, რამდენადაც დანელიას გავლენიანი ახლობელი, რომელიც კვირიკაშვილის შემცვლელად მოიაზრება და რომლის დატესტვასაც კვრიკაშვილი დანელიაზე დარტყმებით ცდილობს, თუმცა, დანელიას მიერ ერთი კვირის უკან პარლამენტში გაკეთებული განცხადებები, რომ მთავრობა და მინისტრი ალავიძე, ფაროსანასთან ბრძოლას უფრო  მეტი სერიოზულობით მოეკიდონ, პრემიერი თავად უნდა ჩაუდგეს ამ ბრძოლას სათავეში და მარტვილში შექმნილ სახელისუფლო ინტრიგებსაც წერტილი დაუსვან, სწორედ კვირიკაშვილი-დანელიას დაპირისპირების ჭრილში განიხილება.  ამის მიუხედავად, დანელიამ, რომელიც ბოლო დროს კრიტიკულია, კომიტეტის სხდომაზე ლოიალურობა გამოიჩინა და რამდენჯერმე დაუმსახურებული მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნების მინისტრ დავითაშვილს გაწეული სამუშაოებისათვის და არანაირი პრეტენზია არ გამოუხატავს იმ სამინისტროს მიმართ, რომელშიც არსებული სიტუაცია, წესით უნდა იცოდეს. თავის დროზე სწორედ დანელიამ შეუწყო ხელი  ლევან დავითაშვილის კარიერულ წინსვლას, ღვინის სააგენტოს დირექტორობიდან მინისტრის მოადგილეობამდე, რაც საბოლოო ჯამში, ამ პერსონის ფიქტიური გამინისტრებით დაგვირგვინდა და რამაც, როგოც ირკვევა, ბევრი პრობლემა მოუტანა ქვეყანას.

 

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური  / კახაბერ ადამია

 

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის მერი თანამშრომლებს აშანტაჟებს?!
შემდეგი სტატია“დაე სხვებიც ჩაძაღლდენენ… ის პირველი დაკავებული არ არის და იმედი მაქვს არც ბოლო”- “ეს არის ტექსტი,რომელსაც სეპარატისტები ნაომარ ბიჭებს უგზავნიან !”