კვირიკაშვილი: გულწრფელობის გარეშე აფხაზებთან შერიგება წარმოუდგენელია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2017 19:45

კვირიკაშვილი: გულწრფელობის გარეშე აფხაზებთან შერიგება წარმოუდგენელია

„მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, როგორ ცხოვრობენ ჩვენი ძმები და დები სოხუმსა და გაგრაში, გალსა და ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გუდაუთაში. ჩვენ გვინდა, მათ გავუწოდოთ მეგობრობის ხელი. მე შეგნებულად არ ვთქვი კიდევ ერთხელ, რადგან ჩვენ 25 წელია ჩაკეტილ წრეზე დავდივართ. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც შეიქმნა და ჩვენს მომავალ თაობებს არ უნდა დავუტოვოთ“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ენგურჰესის“ ტურისტულ ცენტრად ქცევის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მყარი პოზიცია „ენგურჰესთან“ დაკავშირებით, რომ ჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდებოდეს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა, ეს არის გზავნილი აფხაზი ძმებისთვის.

„ენგურჰესი“ შეიძლება ნიმუშადაც გამოვიყენოთ, თუ როგორ შეძლება ომით გახლეჩილი ურთიერთობები საერთო ინტერესის გარშემო თანამშრომლობით შევცვალოთ. დავძლიოთ შიში სტერეოტიპები, რადგან ეს სტერეოტიპები ხშირად ხელს უშლის შერიგების პროცესს. ჩვენ გზა უნდა გავუხსნათ კონსტრუქციულ დიალოგს და თანამშრომლობას. იმედი მაქვს, რომ ახალი ცენტრი მთელი თავისი შემეცნებითი და გასართობი სივრცეებით გახდება ჩვენი შვილების, ახალგაზრდების შეხვედრის ადგილი, რომლებსაც მივცემთ შანსს, თავად გააკეთონ დასკვნები. მანამდე კი, ვიდრე ჩვენი შვილები ამ ადგილას ერთმანეთს შეხვდებიან, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ სიტუაციაზე, რომელშიც დღეს ვართ, რადგან გულახდილი საუბრის გარეშე არ არსებობს შერიგება და წარმოუდგენელია ჩვენ გულწრფელობის გარეშე მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, მას სჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ქართველებსა და აფხაზებს ისევ გააერთიანებს საერთო ინტერესები საერთო მიზანი.

„არ ვიტყვი არასდროს, რომ ჩვენ ურთიერთობა უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძმობის, ურთიერთობის ისტორია და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ მჭიდრო ურთიერთობების ისტორიაზე უნდა დავაშენოთ. მიზანი, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, არის ჩვენი შვილების ერთად ცხოვრება მათი ბედნიერი მომავალი და გაერთიანებული გაბრწყინებული საერთო სამშობლო, რომელსაც ჩვენი საქართველო ჰქვია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2017 19:45