ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში დანიაში ცხოვრების უნიკალურ გამოცდილებასა და იმ ფენომენზე წერს, რის გამოც ეს ქვეყანა მსოფლიოს ნებისმიერ რეიტინგში კეთილდღეობისა და ბედნიერების მიხედვით ყოველთვის ხუთეულშია. კობახიძის თქმით, დანიის მთავარი ბუნებრივი რესურსი არის არა ნავთობი ან გაზი, არამედ — ნდობა, რის გამოც ქვეყანა უამრავ ბიუროკრატიულ დროსა და ფულს ზოგავს.
„საქართველოში ხომ იცით როგორ არის? სულ შავ დღეს ელოდები და ზედმეტი 100 დოლარი რომ გამოგიჩნდეს, ინახავ. დანიელები ფულის ყველაზე ცუდი დამგროვებლები არიან, რადგან შავ დღეს არ ელოდებიან. ხშირ შემთხვევაში, ხალხი მუშაობს კვირაში 4 დღე, დღეში 5 საათი, რადგან ეს ფული ჰყოფნით, დანარჩენს ოჯახს ახმარენ. ამიტომ 2008 წლის მსოფლიო კრიზისი დანიამ ყველაზე მსუბუქად გადაიტანა — ხალხი ბანკებში ფულის გამოსატანად არ მივარდნილა, რადგან სჯეროდათ, რომ კატასტროფა არ მოხდებოდა“, — წერს კობახიძე.
ისტორიკოსი ასევე იხსენებს 2019 წლის საინტერესო პარადოქსს, როდესაც ბანკებს ფულის ბრუნვა გაუჭირდათ და თუ მოქალაქე კარგი ბიზნესგეგმით მივიდოდა, ბანკი აღებული სესხის 1.9%-ს აქეთ უხდიდა მსესხებელს. კობახიძის თქმით, ქვეყანაში სადაც ადამიანების 78% უცნობს უპირობოდ ენდობა, გარიგებები ხელის ჩამორთმევით იდება, თუმცა სწორედ ამ უნიკალური რესურსის (ნდობის) დასაცავად, დანიას ევროკავშირში ყველაზე მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა აქვს.















