კვირას, 22 მარტს, პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე საქართველოში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა-ინფორმაციას რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გამოცემა ტაბულა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა, რადგან, გამოცემა წერს, რომ მოსკოვმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან, შესაბამისად, წირვაზე მასთან ერთად ვერ დადგება
მსოფლიო პატრიარქმა დღეს სამძიმრის წერილი გაავრცელა და დაწერა: „საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს, საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღვრის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვიხსენებთ რა მის მამობრივ სიყვარულს მორწმუნე ერისა და მეგობარი ქვეყნის საქართველოს მიმართ, მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში ქართველი ხალხის გულწრფელ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას მისი ღირსეული პიროვნებისადმი, რომლის დროსაც განსაკუთრებულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები, გამოვთქვამთ როგორც მსოფლიო საყდრის, ისე პირადად ჩვენს სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ. ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი“. მანამდე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.
პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ, მანამდე კი მისი სამოქალაქო პანაშვიდები 24 საათის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეებია გამოცხადებული, რომელიც მისი დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძვრად 1977 წელს აირჩიეს















