ბრიტანული გამოცემა The Times-ი სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთი კვიპროსზე მდებარე აკროტირის საჰაერო ბაზის დასაცავად საბრძოლო ხომალდის გაგზავნას აპირებს. რამდენიმე დღის წინ ირანმა ამ ბაზაზე იერიში მიიტანა.
წყაროები ამბობენ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი გასული 24 საათის განმავლობაში შეხვდა სამხედრო პირებს, რომლებთანაც კვიპროსის მიმართულებით HMS Duncan-ის გაგზავნა განიხილა.
კიდევ ერთმა წყარომ The Times-თან საუბარში აღნიშნა, რომ HMS Duncan-ის რეგიონში გაგზავნის დიდი ალბათობა არსებობს. ხომალდს კვიპროსამდე მისაღწევად, დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება. ამჟამად გამანადგურებელი დიდი ბრიტანეთის წყლებშია. გამოცემა წერს, რომ გამანადგურებელი მზადყოფნაშია და ის დანიშნულების ადგილამდე ყველაზე ჩქარა მიაღწევს.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, კვიპროსზე მდებარე ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე იერიში ირანმა შაჰედის ტიპის დრონით ცადა.
აქამდე, იერიშის წინა ღამეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი ამბობდა, რომ კვიპროსის მიმართულებით ირანმა ორი რაკეტა ისროლა. თუმცა, დაამატა, რომ მათი სამიზნე, ვარაუდების მიხედვით, კვიპროსი არ ყოფილა. როგორც კვიპროსის პრეზიდენტი, ისე კვიპროსელ თურქ სეპარატისტთა ლიდერი ირწმუნებოდა, რომ რაკეტები კუნძულის მიმართულებით არ მიემართებოდნენ.
პირველი მარტის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ირანი საფრთხეს უქმნიდა რეგიონში არსებულ ბრიტანეთის ინტერესებსა და მოქალაქეებს. მისივე თქმით, სპარსეთის ყურის მოკავშირეებმა ბრიტანეთს თავდაცვაში დახმარება სთხოვეს. სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ “ახლა” იერიშებში ჩართვას არ აპირებენ, თუმცა პარტნიორებს თავდაცვაში კვლავ დაეხმარებიან. მან ასევე თქვა, რომ რეგიონში ირანული დრონების ასარიდებლად გაგზავნიან ბრიტანელ და უკრაინელ ექსპერტებს.















