კვიციანი ლომჯარიას: 8 სექტემბერს თავს დამესხნენ, გამომეკიდნენ, მლანძღეს. არ შეგიმჩნევიათ?

8 სექტემბერს თავს დამესხნენ დეპუტატს, ე.წ აქციის მონაწილეები და მათთან ერთად ჟურნალისტები. გამომეკიდნენ, მლანძღეს. თქვენ ეს არ შეგიმჩნევიათ?- ასე მიმართა პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ომბუდსმენმა ანგარიში წარადგინა.

“როდესაც ბენდუქიძეს მოღალატე უწოდეს და აქტივისტებმა შემოსძახეს ისინი ხულიგნობის მუხლით ციხეში გაუშვეს – გახსოვთ, ალბათ, ძალიან კარგად”- აღნიშნა კვიციანმა.

კვიციანმა სახალხო დამცველს სთხოვა, განემარტა თუ რა არის სიძულვილის ენა.

“სიძულვილის ენას ახსენებთ ძალიან ხშირად. რა არის ბოლოს და ბოლოს ეს სიძულვილის ენა. თქვენ 6 ფურცლიანი (დოკუმენტი) გამომიგზავნეთ, თითქოსდა მე და სოფო კილაძემ დავარღვიეთ ადამიანის უფლებები. საქართველოში მცხოვრებთ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ენა და საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ვალდებულება იცოდეს ქართული ენა, მეტყველებდეს ქართულად, იცოდეს ისტორია და კანონებში ერკვეოდეს. მე ადამიანს ვუთხარი საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით? -კიო. ქართულად რატომ არ მელაპარაკებით- მეთქი – ეს სიძულვილის ენაა?”- ამბობს ემზარ კვიციანი.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, ემზარ კვიციანმა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, მათ აგინა, ხოლო რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. დეპუტატმა ასევე აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიშეწყალების საქმე – გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას ირმა ნადირაშვილმა მიმართა
შემდეგი სტატიაკვიციანი: ეროვნება ამოღებულია პირადობიდან, რითაც ჩემი, როგორც ქართველის უფლებაა დარღვეული