კვაშილავა ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენებაზე – მივესალმებით პარლამენტში ამ კანონპროექტის შეტანას

გაერო-ს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” თავმჯდომარე გელა კვაშილავა პარლამენტში ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენების ვალდებულებად ქცევის შესახებ კანონპროექტის დამტკიცების აუცილებლობაზე საუბრობს და ავტოსაგზაო შემთხვევებისას ღვედის ტარებასთან დაკავშირებით მოსახლეობაში გავრცელებულ მითებს ასახელებს.

როგორც კვაშილავამ აღნიშნა, სხვადასხვა კვლევით დადგინდა, რომ უსაფრთხოების ღვედის უკანა სავარძელზე გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია და ასეთ დროს ავტოსაგზაო შემთხვევებისას მგზავრთა სიცოცხლის გადარჩენის შანსი 70%-ს უტოლდება.

„მივესალმებით პარლამენტში ამ კანონპროექტის შეტანას. 2010 წელს წინა სავარძელზე ღვედის აუცილებელ ტარებაზე მივიღეთ კანონი, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი გადარჩა და ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლებებითაც ადასტურებს. საზღვარგარეთ და საქართველოშიც არსებობს უამრავი კვლევა იმის შესახებ, რომ უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის ტარება უფრო მნიშვნელოვანია და დადასტურებულია, რომ მისი გამოყენებით ავტოსაგზაო შემთხვევებისას 70%-ია სიცოცხლის გადარჩენის შანსი. ეს კანონი მსოფლიოს 112 ქვეყანაშია მიღებული “, – განაცხადა კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“. ექსპერტის თქმით, საზოგადოებაში არის უამრავი მითი, თითქოს ავტოსაგზაო შემთხვევისას ღვედის ტარება უფრო საშიშია. „მინდა ხაზი გავუსვა მითებს, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით არის გავრცელებული, მითებთან დაკავშირებით ჩვენ სპეციალური ბუკლეტებიც გვაქვს მომზადებული. მითია, რომ თუ ავტომობილი დაბალი სიჩქარით მოძრაობს ღვედი არ არის საჭირო, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევისას ყოველთვის არსებობს მგზავრის მანქანიდან გადავარდნის რისკი, რასაც ყველაზე მძიმე შედეგები მოჰყვება. ხშირად ამბობენ, რომ თუ ავარიისას მანქანას ხანძარი გაუჩნდება და მგზავრს ღვედი ეკეთება უფრო დიდ საფრთხეში იქნება, ესეც მითია, რადგან ღვედის არ არსებობის შემთხვევაში მგზავრმა შესაძლოა გონება დაკარგოს, რაც უფრო საშიშია. მითია ისიც, რომ თუ უსაფრთხოების ბალიშები არის ღვედი არ არის საჭირო, პირიქით უსაფრთხოების ბალიშები უფრო საშიშია“, – აღნიშნა კვაშილავამ. მისივე თქმით, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ვთხოვთ პარლამენტს, რომ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტები მიიღოს, რადგან ეს საკითხები არამხოლოდ მგზავრთა უსაფრთხოებაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკასა და ჯანდაცვაზეც აისახება. „საქართველოს პარლამენტში უამრავი კანონპროექტია საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარდგენილი, მაგალითად: მართვის მოწმობასთან, მოპედებთან და სიმთვრალესთან დაკავშირებით, ჩვენი სურვილია და გვინდა ვთხვოთ პარლამენტარებს, რომ ეს კანონები მიიღოს. უკანა სავარძლებზე ღვედის ტარებასთან დაკავშირებული კანონის მიღება, არავითარ ზედმეტ ეკონომიკურ ხარჯს არ გამოიწვევს, უამრავ ადამიანს გადაარჩენს და უკეთესი იქნება ჯანდაცვის სექტორისთვისაც, მითუმეტეს, COVID-19-ის პერიოდში, როდესაც რესურსები შეზღუდულია, უამრავი ადამიანი იღუპება და თუ არ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი დაგვეღუპოს და უფრო მძიმე ტრავმები მივიღოთ, ეს კანონპროექტი უნდა დაკანონდეს. ასევე როცა ვსაუბრობთ ტურიზმზე, პირველი რასაც სააგენტოები აფიქსირებენ, უსაფრთხოების ინდექსია, როცა ჩამოდიან და ხედავენ რომ ეს საკითხი მოუწესრიგებელია, ბევრი უარს ამბობს მომსახურებაზე, იმიტომ რომ სიცოცხლე ყველასთვის მნიშვნელოვანია“, – აცხადებს გელა კვაშილავა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია!
შემდეგი სტატიაჰარცელი – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება