უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ერთეულები ალყაში არიან მოქცეულები.
გენშტაბის თანახმად, მცდარ ცნობებს რუსული მხარე პოლიტიკური მიზნებისთვისა და უკრაინაზე ზეწოლისთვის ქმნის.
ამის შესახებ გენშტაბი განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს.
“ცნობები, თითქოს კურსკის ოლქში უკრაინულ ერთეულებს “ალყა” აქვთ შემორტყმული, სინამდვილეს არ შეესაბამება და რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვისა და უკრაინასა და მის პარტნიორებზე ზეწოლისთვის არის შექმნილი.
გასული დღის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კურსკის სამხედრო დაჯგუფების ოპერაციულ არეში საომარი ოპერაციები მიმდინარეობს”. – წერია გენშტაბის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, კურსკში უკრაინის სამხედრო ერთეულები გადაჯგუფდნენ და “უფრო ხელსაყრელ თავდაცვის ხაზებზე გადაადგილდნენ”.
“ჩვენი ჯარისკაცები მტრის შეტევით ქმედებებს იგერიებენ და მათ ყველა ტიპის იარაღის გამოყენებით ცეცხლით ზიანს ეფექტიანად ვაყენებთ. დღის დასაწყისიდან კურსკის ფრონტზე 13 საომარი დაპირისპირება მოხდა. ჩვენი ერთეულებისთვის ალყის შემორტყმის საფრთხე არ არსებობს”. – წერია განცხადებაში.