კურსის ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან ბრძოლის მთავარ მეთოდად ლარიზაციის პროგრამას ასახელებს. განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა.

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მას როგორც მთავრობის წევრს და როგორც რიგით მოქალაქეს, აწუხებს ვალუტის გაუფასურების პროცესი.

დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნა გაგრძელდება მანამ, სანამ მაღალი იქნება დოლარიზაციის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე.

ინტენსიური გაუფასურების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ლარიზაციის პროგრამა იყო წარმატებული.

„ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ მისი მსყიდველობით უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, მაწუხებს როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა მავალდებულებს ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ ასეთი მდგომარეობა ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლების ხელშესახები შემცირება შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე. სწორედ ეს არის ამ პრობლემის მთავარი საფუძველი. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის სტრატეგია,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მინისტრს სთხოვა განმარტოს, როგორ არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როდესაც ვალუტა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა.

„თქვენ როდესაც გამოაცხადეთ ლარიზაციის პროგრამა 2.55 იყო ლარი და ახლა უფრო გაუფასურებულია, ვიდრე მაშინ, როდესაც დაიწყეთ ლარიზაციის პროგრამა. რანაირად არის წარმატებული, როდესაც უარესობისაკენ მიდის საქმე,” – მიმართა კახიძემ დიმიტრი ქუმსიშვილს.

banner
წინა სტატიაშიფსიქოტროპული იმათ მკითხეს, მე არ მომიგონია – პავლიაშვილის საქმეზე მოწმის დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატია,, საოკუპაციო ხაზთან ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი კავკასიონის ქედზე გადის”