კურორტების განვითარების სააგენტოს ალექსანდრე ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორად ალექსანდრე ონოფრიშვილი დაინიშნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო ბალნეოლოგიური კურორტების, ასევე მთის კურორტებისა და სხვა საკურორტო ადგილების განვითარება/ხელშეწყობის, ახალი, პოტენციური კურორტების კვლევა/შესწავლისა და შესაბამისი გენგეგმების მომზადების, ამ მიმართულებებით ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის უზრუნველყოფისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განსახორციელებლად 2022 წელს შეიქმნა.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რასაც მოყვება შემოსავლების ზრდაც. თავის მხრივ, დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია კურორტების განვითარება, რომელიც აქტიურად იზიდავს ტურისტს. ქვეყანაში სამასამდე კურორტი და საკურორტო ადგილია, შესაბამისად, კურორტების განვითარებაზე ზრუნვა და ქვეყნის საკურორტო პოტენციალის სრულად ათვისება, საქართველოსთვის არის ეკონომიკის დამატებითი სტიმულაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ საქართველოში საკურორტო ზონების განვითარება, მათი მდებარეობის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, დეცენტრალიზებულად განავითარებს არა მხოლოდ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრს, არამედ, მცირე ზომის დაბებსა და დასახლებებსაც, სადაც სხვა შემთხვევაში, განვითარების გარკვეული დონის მისაღწევად ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მობილიზება ხდება საჭირო.

რაც შეეხება სააგენტოს ახლად დანიშნულ დირექტორს – ალექსანდრე ონოფრიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ და საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია კურორტების მართვის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის გამგეობის წევრი, ტურიზმის დეპარტამენტის გიდების გადამზადების კოორდინატორი, საქართველოს მთასვლელთა ფედერაციის ქვეყნის შიდა და გარე სამთო ექსპედიციების ხელმძღვანელი, საქართველოს “Ski mountaineering” ფედერაციის პრეზიდენტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ნატურალისტ თრეველერის“ დამფუძნებელი და პარტნიორი, თბილისის მერიის სსიპ „გუდაურის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე და ა.შ. როგორც ალექსანდრე ონოფრიშვილი აცხადებს, განსაკუთრებით აქტიური მუშაობა იქნება საჭირო ბალნეოლოგიური მიმართულებით, რადგან ქვეყნის სამასამდე საკურორტო ადგილიდან ნახევარზე მეტი სწორედ ბალნეო და ბალნეოკლიმატური ტიპისაა.

მისი შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია სპორტული და რეკრეაციული ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, რადგან მათთვის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს სწორედ სამთო და ბალნეოლოგიური კურორტები წარმოადგენენ.

„ყველამ, კარგად ვიცით თუ როგორ იმოქმედა კოვიდპანდემიამ მსოფლიოს ეკონომიკაზე. სტაგნაცია განსაკუთრებით ხელშესახები იყო ტურიზმის სფეროში. დღეს ქვეყანაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ სექტორის აღდგენის პროცესი. საქართველოს კურორტების განვითარება დამატებით სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტის როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ ზრდას, რაც აქტიურად აისახება ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე და, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების შემოსავლებზე“, – აცხადებს ონოფრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიდღეს არაფერი არ იგეგმება… აანონსებს, რომ მტკიცებულებებს ძალიან მალე გამოაქვეყნებს – ადვოკატმა სოსო გოგაშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა