კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა

კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა. დღეს მოეწყო საბაგიროს გაშვება სატესტო რეჟიმში, რომელსაც ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ვიცე–პრემიერმა დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები და გაეცნო ინფორმაციას კურორტის განვითარების შემდგომი ეტაპების შესახებ. ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გაესაუბრა მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფლების მცხოვრებლებს, სადაც უნდა განვითარდეს სამთო–სათხილამურო კურორტი „თეთნულდი“. მოსახლეობამ აღნიშნული სიახლის მიმართ დიდი ინტერესი გამოთქვა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი, ფრანგული კომპანია „პომას“ ვიცე–პრეზიდენტი ქრისტიან ბუვიე და სხვა მოწვეული სტუმრები.

საქართველოს ვიცე–პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალ კურორტზე ადგილობრივი მოსახლეები დასაქმდებიან. მისი განცხადებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინიციატივით, უკვე დაიწყო მათი გადამზადების პროცესი. „კურორტი უნიკალურია. აქ იქნება ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასები საქართველოში და ის მოემსახურება როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ სპორტსმენებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კურორტი „თეთნულდი „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მენეჯმენტში გადავიდა. კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმატებით დაასრულა.

ამ ეტაპზე კურორტზე არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო,, რომლის მშენებლობაც საბაგიროების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია „პომამ“ უზრუნველყო. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება . თეთნულდის სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრია, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია.თუმცა 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა. (სასრიალო გზის კლასიფიკაცია შემდეგია: ლურჯი – მოყვარულთათვის, წითელი – პროფესიონალებისთვის და შავი- ექსპერტებისთვის).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება . ასევე, მთელი სეზონის განმავლობაში, საბაგიროს მომსახურებაც იქნება უფასო.

სპეციალისტების დასკვნით , თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს . სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. კურორტ თეთნულდზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაუკრაინული გრივენი დევალვაციას განიცდის