კურიოზული დარღვევები და ინციდენტები არჩევნების მეორე ტურში

30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება, აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც კანდიდატმა “საარჩევნო კოდექსით” განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

საარჩევნო პროცესის პარალელურად, ტრადიციულად ფიქსირდება კურიოზული სიტუაციები სხვადასხვა ოლქში თუ საარჩევნო უბანზე, რომელთაც დამკვირვებლები აფიქსირებენ. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოხდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საარჩევნო კაბინის ფარდის გადაწევის შემდეგ ყვირილი დაიწყო, რომ კაბინაში 41 რიცხვი იყო დაწერილი. 50-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ნიზამადინ მურადოვის განცხადებით, აღნიშნულმა პირმა საარჩევნო კაბინაში, კედელზე “41” თავად დაწერა, შემდეგ კი შეეცადა ვითარება ისე წარმოეჩინა, ვითომ ეს წარწერა მანამდე იყო. უბნის თავმჯდომარის თქმით, სამი მოწმე არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული წარწერა თავად ამ პირმა გააკეთა. მომხდარი ფაქტის შემდეგ აღნიშნულ პირს უბანი დაატოვებინეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, თბილისში 18.09 ოლქის 32-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ დაიწყო ტირილი, შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, კომისიის წევრები ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. დამკვირვებელმა და ცესკოს წარმომადგენელმა პარტიის წარმომადგენელს მიუთითეს, რომ მსგავსი ქმედების გაგრძელების შემთხვევაში გამოუძახებდნენ პოლიციას, რის შემდეგაც პრობლემა აღმოიფხვრა.

ასევე, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე უბანზე გადასატანი ყუთი მიიტანეს მითითებულ მისამართზე, მაგრამ ხმა არ მიაცემინეს ამომრჩეველს, რადგანაც ჩათვალეს, რომ ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ეს ყუთი კომისიის წევრებმა დააბრუნეს უბანზე, მაგრამ დამკვირვებლის მითითების შემდეგ კვლავ უკან წაიღეს, თუმცა იმ ამომრჩეველს ხმა მაინც არ მიაცემინეს. ამის შემდეგ ამომრჩეველი თავისით მივიდა უბანზე და არც იქ მიაცემინეს ხმა რადგან გადასატანი ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული.

პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისის მე-80 საარჩევნო უბანში, სადაც საკონტროლო ბიულეტენზე კომისიის სამ წევრს ხელმოწერა დაავიწყდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ეცნობა საოლქო საარჩევნო კომისიას. უბნის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, დარღვევის მიუხედავად საარჩევნო პროცესი მე-80 უბანში შეფერხებების გარეშე გაგრძელდა.

რუსთავის #24 უბანზე, “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი. თუმცა, უბნის თავმჯდომარის, თამაზ ზაზაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, თამაზ ნოზაძის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია – ნოზაძემ ფული წყლის მოსატანად მისცა ერთ-ერთ ნაცნობს. “კომისიის წევრს, ერთ-ერთ დამკვირვებელს პირადად მე ვთხოვე ვინმე გაეგზავნა მაღაზიიდან წყლის საყიდლად. თამაზ ნოზაძემ ფული მისცა ახლობელს და მაღაზიაში წყლის მოსატანად გააგზავნა”, – განაცხადა ზაზაძემ. თამაზ ნოზაძის თქმით, ახლობელს მისცა 10 ლარი და სთხოვა მაღაზიიდან 10 ლიტრიანი წყალი და სიგარეტი მოეტანა.

ინციდენტი მოხდა რუსთავის #10 საარჩევნო უბანზეც. “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლის თქმით, საოლქოს წარმომადგენელი უბანზე არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და მას მუშაობის საშუალებას არ აძლევდა: “შაყირობს და ღლაბუცობს. ვდგავარ, მოდის, მიდგება წინ, მიპაჭუნებს თვალებს, ვარდებს მოგართმევთ… გამოიძახეთ პატრული და ის გაარკვევს არის თუ არა ნასვამ მდგომარეობაში” -აღნიშნა დამკვირვებელმა.
მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლის ფაქტი დაფიქსირდა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ მომდევნო. მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ მარკირება ხელზე, რაც მიქელაძის ინფორმაციით, პრაქტიკულად გამორიცხულია. საუბნო-საარჩევნო კომისიებმა კანონის შესაბამისად, აღნიშნულ პირებს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცეს.

 

წყარო: ambebi.ge

banner
წინა სტატიაშიცესკო საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაისანში მდებარე მე- 9 და ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემა დასრულდა