26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

კუპრაძე: კორუფციულ სქემებში “ოცნების” 257-ზე მეტი მაღალჩინოსანი ფიგურირებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალ ანგარიშში ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლებშიც „ქართული ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს. ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, გამოაქვეყნა უმნიშვნელოვანესი კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით, ამ კვლევაში აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომელშიც ფიგურირებს “ქართული ოცნების” 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი. სანამ ჩამოვთვლი იმ სავარაუდო მძიმე დარღვევებს, მინდა, საზოგადოებას გავახსენო, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილმა კვლევებმა, შეფასებებმა, მითითებებმა სავარაუდო კორუფციის, ელიტური კორუფციის შესახებ, გამოიწვია ანტიქართული “ოცნების” ლიდერების მხრიდან პროპაგანდა, ძალადობა, დაგმობა, ტყუილში დადანაშაულება, თუმცა გავიდა წლები, თვეები და მათ იძულებით მოუწიათ დადასტურება სხვადასხვა კორუფციული შემთხვევების. “სუსმა”, პროკურატურამ აღძრა არაერთი საქმე, დაიჭირეს პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, დამთავრებული რიგითი საჯარო მოხელეებით, ივანიშვილის და ანტიქართული “ოცნების” ხელისუფლების უამრავი ჩინოვნიკი. შესაბამისად, ესეც აჩენს მოლოდინს, რომ კვლევაში წარმოდგენილი სავარაუდო შემთხვევები, წარმოადგენს შესაძლო სიმართლეს, რაზეც სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოში პროკურატურა და “სუსი” რომ იყოს დამოუკიდებელი, უნდა მიმდინარეობს ახლა ძიება. 2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით, აღრიცხულია 315 სავარაუდო შემთხვევა ელიტური კორუფციის, რომლის თანამონაწილეები არიან ანტიქართული “ოცნების” 257-ზე მეტი მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსანი. მხოლოდ ბოლო 6 თვეში ელიტური კორუფციის 33 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის ლევან ჟორჟოლიანის დაუსაბუთებელი ქონება, კალაძის გარემოცვაზე გაცემული პრობლემური სამშენებლო ნებართვები, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიის მიერ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამიდან “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენებისთვის 178 მილიონი ლარის მიღება, “ილი ჯგუფისთვის” ბიუჯეტიდან მიღებული 250 მილიონი ლარი და ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა. დღეს კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა ინფორმაცია გაძვირებული ფასების შესახებ. მათივე, ანტიქართული ” ოცნების” სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მათ შორის. მაშინ, როცა ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, მაშინ, როცა ძვირდება ფასები, ანტიქართული “ოცნება” ჩაფლულია კორუფციაში. ელიტური კორუფციის ეს მაჩვენებელი არის უპრეცედენტო, რომელიც მიუთითებს “ქართული ოცნების”, მასთან დაკავშირებული ბიზნესის მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაზე. გამოვლენილო 315 სავარაუდო კორუფციული სქემის და საქმის სია და თანაფარდობა ასე გამოიყურება: მთავრობის 40 წევრი არის სავარაუდო თანამონაწილე ამ კორუფციულ სქემებში, პარლამენტის 48 წევრი, 20 მოსამართლე, კლანის წარმომადგენლები, რაც სრულიად მოსალოდნელი და ბუნებრივია, 81 მუნიციპალური თანამდებობის პირი. მაშინ, როცა კახა კალაძე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოკალათებული ანტიქართული “ოცნების” ჩინოვნიკები საუბრობენ გამჭვირვალობაზე, კეთილსინდისიერებაზე, 81 პირის მიმართ არსებობს ძალიან მძიმე შეკითხვები სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და ანტიქართულ “ოცნებას” და თუ ამ პირობებში არა, მომავალი ეროვნული ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ყველა ამ კორუფციულ საქმეს და არცერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი, არ დარჩება დაუსჯელი!, – განაცხადა კუპრაძემ. 

banner
წინა სტატიაშისეს-მა აბაშაში რძისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
შემდეგი სტატიასარჯველაძე დიუშენზე: საჭიროებს დეტალურ ანალიზს და გადაწყვეტილებების მიღებას