კულუმბეგოვის პროგნოზით, საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან „ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან „ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის ახალი ვარიანტი მსუბუქად მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსს არ გამოიწვევს.

“ომიკრონს“ ძალიან სწრაფად აქვს შესაძლებლობა, გახდეს პანდემიური შტამი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2-3 დღეში ყველა ქვეყანაში „ომიკრონის“ რაოდენობა ომაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის იანვრის მეორე ნახევრიდან ეს შტამი დომინანტური იქნება. ამიტომ აქ არაფერი უცხო და მოულოდნელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, მზაობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და უსაფრთხოება განგაშზე უნდა იყოს გამოცხადებული, რადგან ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც არის მოწყვლადი ამ შტამის მიმართ და არა მარტო. სამწუხაროდ, რეინფიცირების შემთხვევებიც იქნება და ვაქცინირებული ადამიანების ნაწილიც ავად გახდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სცენარისთვის მზად ვიყოთ. ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია არის ის, რომ 50-70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადების, ანუ ჰოსპიტალიზაციის რისკი, ეს გვაძლევს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსთან საქმე არ გვექნება“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, შესაძლოა „ომიკრონის“ შტამი პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს.

„ინფექციის მიმდინარეობა ნამდვილად შესუსტებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ლეტალობა არ აქვს და მძიმე დაავადების გამოწვევა არ შეუძლია. თუ ვირუსმა შემდგომ პერიოდში რაიმე სიურპრიზი არ მოაწყო, ის იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2022 წლის ბოლომდე, ვინც ამ შტამისგან გადარჩება, პლანეტაზე ყველას იმუნიტეტი ექნება“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშიმრევლის პროტესტი იმერეთში – მრევლი ეკლესიიდან საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირების გაძევებას მოითხოვს
შემდეგი სტატიასაქართველოში წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია შეიქმნება