კულუმბეგოვი – შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის რისკი არსებობს

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი სავალალოდ არის შემცირებული, 43%-მდე.

კულუმბეგოვის განცხადებით, ეს ქვეყანას ძალიან სერიოზული რისკის წინაშე აყენებს, რადგან შესაძლოა, ვირუსის მესამე ტალღა დაიწყოს.

„რასაკვირველია, ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის განვითარების რისკი არსებობს. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს, რადგან პირბადის ტარების მაჩვენებელი სავალალოდ არის შემცირებული, 43%-მდე. ეს მაჩვენებლი ძალიან მაღალი უნდა იყოს, 90%-ზე მეტი. „ოქროს სტანდარტად“ მიიჩნევა სინგაპურის შემთხვევა, სადაც მოსახლეობის 95% შენობის შიგნით და შენობის გარეთ პირბადეს ატარებს, ამიტომ ეს ქვეყანა იდეალურად მიიჩნევა და სამიზნეც ის არის. ამიტომ, ჩვენ 43% ძალიან სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს. მართალია დღეს ტესტირების რაოდენობა მაღალია, მაგრამ დღეს 537 ადამიანია ინფიცირებული, რაც ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრია. ყველა ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ქვეყანამ რეგულაციების აღსრულება უნდა გაამკაცროს, ზედამხედველობას ვგულისხმობ და არა შეზღუდვების შემოღებას. რაც არის გახსნითი ღონისძიებები, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ რეგულაციების კონტროლი, ეს იქნება სარესტორნო ბიზნესი, ზამთრის კურორტები თუ სხვა. არ დაგვავიწყდეს, 43%, რაც პირბადის ტარების თვალსაზრისით გვაქვს, ზუსტად იგივე მაჩვენებელი იყო აგვისტოს თვეში, რაც აგვისტოს თვეში ამ მოშვებით დაგვემართა, ეს ყველაფერი ნოემბერ-დეკემბერში საკუთარ თავზე გამოვცადეთ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვირუსის შესაკავებლად ერთადერთი გზა კვლავ რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და მასშტაბური შეკრებებისგან თავის არიდება.

„ძალიან უნდა ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ. ვაქცინაციის კი იმედით ვუყურებთ, მაგრამ მაგალითად, ნორვეგიასა და იტალიაში მოსახლეობის თითქმის 10% აცრილია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 10% რომ ვიგულისხმოთ, 300 ათასი ადამიანი მაინც უნდა იყოს აცრილი, ჯერ ამ ციფრამდე ძალიან შორს ვართ. ამიტომ, ერთადერთ იარაღად ჯერ მაინც გვრჩება სოციალური ქცევისგან თავშეკავება, არა შეკრებები, არა სტუმრად სიარული, სადაც საჭირო არ არის და პირბადის ტარება. თუ გვინდა, რომ ქვეყანა და ეკონომიკა ფუნქციონირებდეს, ასე უნდა მოვიქცეთ. თუ ქვეყანას ამაში არ შევეხიდებით, მაშინ დაგვემართება ის, რაც ორჯერ უკვე გადავიტანეთ“,-აცხადებს კულუმბეგოვი.

banner
წინა სტატიაშიWHO ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა გააგრძელონ
შემდეგი სტატიაელისაშვილი – თორნიკე რიჟვაძეს ​ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს დაიდგამს, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი