კულუმბეგოვი ჯარიმების გაუქმებაზე: შესაძლოა, ადამიანები გაათამამოს კიდეც

ალერგოლოგ-იმუნოლოვი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ რეგულაციების დარღვევის გამო მოქალაქეების ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ცუდი არ არის, მაგრამ უსამართლობის განცდას ბადებს.

„ზოგადად, ახლა ამნისტიის საკითხი და ჯარიმების გაუქმების თემა ჰუმანური აქტია და ცუდი არ არის, მაგრამ გარკვეულწილად უსამართლობის განცდას ბადებს. ადამიანები, რომლებმაც გადაიხადეს ეს ჯარიმა, დათრგუნულად გრძნობენ თავს. არც დამთავრებულა შეზღუდვები, პირველ ივლისამდეა ეს დაანონსებული, ამიტომ ადამიანებს ზუსტად უნდა განვუმარტოთ, როდის შედის ძალაში მსგავსი ტიპის ამნისტია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი განმარტება მოყვეს ამ საკითხს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ რეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებამ შესაძლოა, ადამიანები გაათამამოს.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ ეს ცუდი პრეცედენტია და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა.

„ზოგადად, როცა ადამიანებს უჭირთ, მსგავსი ტიპის ამნისტია მისასალმებელია, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება უკან შემოგვიბრუნდეს და ადამიანების ჯანმრთელობაზე, მათ ასე ვთქვათ, ვირუსით გამოწვეულ სერიოზულ დაზიანებაზე აისახოს, რადგან ისინი გათამამდნენ და ჩათვალონ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელი არ არის, რადგან ნებისმიერი ფორმით ჯარიმა რაც არ უნდა შინაარსს ატარებდეს და რაოდენობით გამოიხატებოდეს, სახელმწიფო მათ ამნისტიას დაუქვემდებარებს. ამიტომ ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღას, კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ თუკი ქვეყანაში მოსახლეობის 20 პროცენტი მაინც იქნება ვაქცინირებული, მეოთხე ტალღას ქვეყანა შედარებით მსუბუქად გადაივლის.

„მეოთხე ტალღის რისკი რასაკვირველია, არსებობს. იმედია, ზაფხულის ორი თვე მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებისთვის, მეორე მხრივ, ძალიან დიდი მოცულობით ადამიანი ინფექცია გადატანილია. ამიტომ, თუ ჩვენ 15-დან 20 პროცენტამდე ადამიანების იმუნიზაციას მაინც მოვახერხებთ, ვფიქრობ, მეოთხე ტალღა არ იქნება ისეთი, როგორც – მეორე ტალღა. აგვისტოს ბოლოდან, სექტემბრის დასაწყისში შეიძლება ველოდოთ“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: ევროსაბჭოს მიერ შეფასებულ იქნა პროგრესი კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: ოპოზიცია პარლამენტიდან გამსვლელი არ არის